„თამაში რიოში მარგალიტებით“ ცნობილი გერმანელი მწერლის ჰერმან ჰესეს
ბოლო და მთავარი ფილოსოფიური რომანია.
რომანი გამოქვეყნდა 1943 წელს ციურიხში. 1946 წელს მწერალმა მიიღო ნობელის
პრემია. ეს ჯილდო მას მიეკუთვნა გახმაურებული ნაწარმოებებისთვის, რომელთაგან
დღემდე გამორჩეული ადგილი ხსენებულ რომანს უჭირავს. აქ მთავარი გმირია იოზეფ
კნეხტი. ნაწარმოებში ჩართულია ამ მთავარი გმირის ლექსები, რომელიც გერმანისტ
ნანა გოგოლაშვილის ბწკარედული ვარიანტის მეშვეობით თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ.
გთავაზობთ ამ ლექსებს. მთარგმნელის აზრით, ქართულ ტექსტში აქცენტი გაკეთდა
დედანთან მაქსიმალურ აზრობრივ სიახლოვეზე. ეს რომ არა, იოზიფ კნეხტის პოეზია
რომანის საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნებოდა.

მთარგმნელისგან

 

                                ჩივილი

თუკი თვით ყოფნა გვეკრძალება, მაშინ ამგვარად
უნდა ვიდინოთ ყოფნისაკენ, ამგვარად უნდა
გადავიღვაროთ ყველა ფორმის ჭურჭელში მუდამ,
წყაროს წყალივით რომ ჩაღვრილა იქ და ჩამდგარა.

ჩვენ ყველა ფორმის ჭურჭელს ვავსებთ, დიახ, ასეა.
თუმც უცხოობა, როგორც დღე ან ღამე წკვარამი

მუდამ თან გვახლავს. უცხოობა რა სისავსეა,
როცა თავისად არ გვიგულებს ქვეყნად არავინ?

ჩვენ ხომ არ ვიცით, თუ უფალი რას შეგვპირდება
მას უტყვი თიხა ხელთ უპყრია, გვიმზერს უმძრახად,
ხელახლა გვძერწავს და ირჯება არცთუ პირველად,
ხელახლა გვძერწავს, გამოწვა კი არ განუზრახავს.

ო, რომ შევიძლოთ და ვეწიოთ ჩვენსავე მიზანს,
დროში ყოფნა და არსებობა გვერგოს ხანგრძლივი,
რა იქნებოდა! თუმც განგება სხვა საზღველს გვიზღავს
და იმ ყოფნამდე შორი გვიძევს მუდამ მანძილი.

 

                                    დათმობა

ვისაც სიღრმეთა წვდომა ქვეყნად არ უღირს მღილად
და ყველა ის, ვინც იჭვს თავისად არ დაიგულვებს,
ამბობს, რომ უქმი გარჯა არის მიღმურის ხილვა
და აღიარებს მარტოოდენ საგანთ სიგლუვეს.

მაგრამ თუ სხვის ფიქრს წარმოსახვა ჩვენი მოება
და გადაიხსნა ღრმა უფსკრული ზედაპირს მიღმა,
მაშინ ხომ ქვეყნად აღარავინ გვემყუდროება
და ვერასოდეს მივენდობით ბედსა და იღბალს.

მაშ, ამიტომაც ნუ ვიქნებით სიღრმეთა მჭვრეტი
რაც მეტს ვიხილავთ, გვესურვება სულ უფრო მეტი.
და რაც არ არის ზედაპირზე ჩვენთვის ხილვადი,
იმის მოხილვას, გვწამდეს, ახლავს მუდამ ხიფათი.

და მაინც გვკლავს იდუმალი წყურვილი
თითქოს გვიზიდავს მოციალე შუქი გონების
და მზერას ვაბჯენთ ფერიების მომხიბლავ რონინს,
არარაობის წრეში ვბრუნავთ თავმოწონებით,
ასე ილევა აწმყოცა და განვლილი დრონიც.

გადაჰფენია თვალგახელილ სიზმრებს, ვით იღბალს,
ძალიან რბილი საფანელი და საბურველი,
და ამ უხმო და უდრტვინველი თამაშის მიღმა,
სწორედ იღბალი ილანდება, სისხლის მსურველი.

სიცარიელის ღრმა სივრცეში მუდამ მზადმყოფი,
თამაშისათვის ბრუნავს ლაღი ჩვენი ცხოვრება,
იდუმალად კი სინამდვილეს მივესწრაფებით,
სიკვდილი გვსურს და აღარც ტანჯვა გვეუცხოება.

 

                        ასოები

და ამას ჩვენი გვკარნახობს ნება,
ჯერ სულ უეცრად ვიმარჯვებთ კალამს,
მერე ფურცელზე შემოვწერთ ნიშნებს,
ყველასთვის ნაცნობს და ნაუცბათევს
და ეს ნიშნები უხმოდ გვამცნობენ
და გვიყვებიან სხვადასხვა ამბავს.

 

 

1 2 3 4 5 6