ინსტიქტი

მე შემიძლია გაგძარცვო.
დღისით, მზისით, უამრავი მოწმის წინაშე
შეიარაღებული წინადადებებით გამოგტყუო მარტივი სიტყვები
და თამამად დავეუფლო შენი სხეულის მატერიალურ სიკეთეებს
არამატერიალური დაინტერესებით.

შემიძლია კიდეც გაგიტაცო
და გაწამო არაადამიანური კოცნით
და არაადამიანური სიყვარულით
გავაუპატიურო შენი გრძნობები.
მოგიწყო საბოტაჟი
და დავამხო შენი ფსიქიკა,
როგორც რომელიმე რიგითმა დიქტატორმა
დაამხო რომელიმე რიგირთი სახელმწიფო
(რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც საკუთარი მიწა დაინდო.)

შემიძლია ლექსი განვაგრძო ლირიკული გადახვევით,
რომელიც თავის მხრივ გაგრძელდება ცინიკური გადახვევით,
ან განვაგრძო თხრობა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ
და შესაძლებლობების მრავალკუთხედზე ფარგლის მარტივი მოძრაობით
გამოვკვეთო წრეების ლოგიკური უპირატესობა.

მე შემიძლია დავარღვიო სისხლის სამართლის ყველა ნორმა
და აბრეშუმის ნაჭერივით შემოგაბლანდო ტანზე
სხარტად აცდენილი მკაცრი სანქციებით,
რათა გავხდე საშიში კრიმინალი სიყვარულის დარგში,
მაგრამ მე არ ვარ დამნაშავე.
მე ვარ მოქალაქე,
რომელიც შემოაღებს შენს სხეულს,
შეაღწევს საცავებში,
კარგად შეისწავლის,
მონიშნავს ყველაზე მიმზიდველ და კეთილმოწყობილ და პერსპექტიულ ადგილს
და მიისაკუთრებს, როგორც დაინტერესებული პირი ამონაწერს საჯარო რეესტრიდან
და ეს არ იქნება დანაშაული.

ეს იქნება ქურდობა
საციცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8