CV

შპს “საზოგადოება”
ადამიანებისათვის ვაკანსიებს აცხადებს.

ჩემივე

სიტყვებსაც აქვთ დაბადების დღეები.
ზოგიერთი მათგანი კი თავის ბუნებით
იმდენად გამორჩეულია, რომ მათი დაბადება
საუკუნობით არ ავიწყდებათ,
როგორც “იესოს” შემთხვევაში.

ერთხელ ქრისტეს იუბილე, რომ დასრულდა
მე დავიბადე და თოვლი.
თოვლი ჩემი ტყუპისცალია.
ჩვენ ერთად გავიზარდეთ,
ერთად ავიდგით ფეხი,
რათა ჰაერში უკვალოდ ერთად გავმქრალიყავით
და საკუთარ სხეულში რეინკარნირებულებს
ერთმანეთი ვეღარ გვეცნო.

ერთხელ, მარტოს მომიწია დაბადება.

დედამიწა კუპრის ფიფქებს დაეთოვა
– ჯოჯოხეთის ფილიალი იხსენობოდა.

დედა – ჩემი ოცნებების მზარეული.
ფერფლისფერი იმედებით ღვეზელს ქსოვდა.
რეალობის სარეცელზე წამოწოლილს,
ლანგრით უხვად მომართმევდა.

მამა – ჩემი წარმოსახვის მენეჯერი.
ფიქრთა კოცონს მოგონებებს უკეთებდა.
იწვოდა და ვერ მათბობდა,
გული ჟოლოს ნაყინებად ისხმებოდა.

მეც ვიჯექი მეფის ტახტზე გულუბრყვილოდ,
არარსებულ ტრაპეზს ხარბად მივირთევდი.
ხანგასული წარმოსახვით გამაძღარი,
ფიქრს დესერტით ვიგრილებდი.

და მციოდა, როგორც ნაყინს მაცივარში
და კანკალით ტანზე ნერვებს ვიბლანდავდი
და საკუთარ ცხოვრებაზე ჩამომჯდარი,
თოვლს ველოდი
თბილი ქურქით მოვიდოდა
და ფიფქებით სამოსს დამიგვირისტებდა.

თოვლი არ მოვიდა.
თოვლი მე ვიყავი.
გაწვიმდა და დავდნი.

დედა აღარ მყავდა რომ სადილი მოემზადებინა.
მამაც დაბერდა და გარდაიცვალა.
დაობლებულმა ბრძოლა დავიწყე გადარჩენისათვის.

პროფესიით იურისტი რეალობას დავეუფლე
და ფიქრები გავასამართლე.
გრძნობებს სამუდამო პატიმრობა მივუსაჯე
და წარსულში გადავასახლე.
გულუბრყვილობა სიკვდილით დავსაჯე.
მოგონებები შევიწყალე და გავათავისუფლე.
სიკეთეს,
თანაგრძნობასა და ქველმოქმედებას
შინაპატიმრობა მივუსაჯე
და სხეულში გამოვკეტე.
ამპარტავნება ვადამდე, ადრე გავათავისუფლე.
ქედმაღლობა გავამართლე
და თავისუფლება ვაჩუქე.

მისია შევასრულე და მანტია გავიხადე.
cv შევადგინე და უფალს გავუგზავნე.

 

1 2 3 4 5 6 7 8