ჯერარჩასახულ შვილებს

ჯერარჩასახულო შვილებო,
როცა ნახევრადშეფაკლული ყურძნის მარცვლებივით მომწიფდებით,
თქვენი ჯერარდაღვინებული თანამტევნელები კი გკითხავენ:
– ვინ არის დედათქვენი?
უპასუხეთ:
– ის პოეტია.
დაე, იცინონ, როგორც ბავშვებმა ჯამბაზის დანახვისას
პოეტები ხომ მართლაც ვგავართ ჯამბაზებს.
ჯერარჩასახულო შვილებო,
პოეზია რელიგიაა,
– პოეტები კი უსუსური აგნოსტიკოსები,
რომლებიც ჯიუტად ამტკიცებენ საკუთარ არსებობას.
მომიტევეთ ეს არსებობა
და სიყვარული.
ჯერარმამათქვენის თვალებში მოფანტული სიტყვების თესლი,
ისე გაღვივებულა,
ისე გაეშმაკებულა
უკან, ბავშვობაში მაბრუნებენ,
რომ თავიდან აღმზარდონ,
რომ დამარწმუნონ სიყვარულის არარსებობაში.
არადა,
სიყვარულიც ხომ პოეზია
სიყვარულია თავად ღმერთიც
და მეც რახანია უკვე აღარ მჯერა მისი არსებობის.
ამ რელიგიურ სამკუთხედში გამომწყვდეული
ავღმართავ სიტყვებს,
როგორც დროშებს არდათანხმების.
ვთხრი მკვდარ პოეტებს
ვასაფლავებ ცოცხალ მამათქვენს,
რომ არ მომიკვდეს მეც თან ჩავყვები
დავხვეწ ილეთებს
მკვდრეთით ავსღდგები
ჯვარზე გავაკრავ, როგორც ქრისტეს
და ღმერთს ვიწამებ.
ეს იქნება სანახაობა ყველა თაობის,
სასიკვდილო ნომერივით სახიფათო,
დახვეწილი, როგორც სონეტი.

 

1 2 3 4 5 6 7 8