აუქციონი

ვყიდი გულს:
მარჯვენა და მარცხენა წინაგულით,
აორტით,
მიტრალური და სამკარიანი სარქველებით,
ფილტვის არტერიით,
მარცხენა და მარჯვენა პარკუჭებით,
აორტისა და ფილტვის სარქველებით…
ვიცხოვრებ,
როგორც ორასი წლის ადამიანი
ამავე სახელწოდების ფილმიდან,
როგორც ჩემი მეგობარი,
რომელმაც გული პურის ფულად დაალომბარდა
და რახანია მის დასახსნელად თითსაც არ ანძრევს,
როგორც ჩემი სახლის წინ დახატული სიმბოლო
ლოგიკური წარწერით “მიყვარხარ”,
როგორც ქარი ჰაერში ახლართული დინამიური პულსაციით
და აღარ მექნება მაჯისცემა,
ბუნებრივი,
ტაქიკარდიული ამოვარდნებით.
ვიცხოვრებ დოკუმენტურ კადრებად
და ჩემი ფილმი იქნება სავსე
მექანიკური მოძრაობებით
და მექანიკური მზის სხივები გაათბობენ
ჩემი ცხოვრების უახლეს ისტორიას,
რომელიც არასოდეს დასრულდება
და ვინაიდან არასდროს დასრულდება
გახდება მეტად ფორმალური
ვიდრე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება
და ისეთივე ბანალური
როგორც ოსკარის ყოველწლიური დაჯილდოება.

 

1 2 3 4 5 6 7 8