უსათაურო ტანკები

 

***
ხანდახან ისე მიყვარხარ ჩემს თავს არ ვყოფნი.
რამდენიმე მინდა ვიყო, ჩემს თავში გადავნაწილდე.
მეტისმეტია ამხელა გრძნობა სულელი გოგოსთვის.

 

***
ოთახი სავსეა დუმილით.
საუბრით დაღლილი ფანჯრიდან ვიხედები.
ხიდან ხეზე ჩიტების ლირიკული გადაფრენა.

 

***
სიჩუმის შრეებში ბგერები ავკრიფე
– არა ავკინძე.
დუმილი თანხმობის ნიშანი არ არის.

 

***
სულ ნუ შემსანსლავთ
ცოტა დამტოვეთ
ღმერთსაც მოშივდა …

 

***
როცა ვიღვიძებ, ვიღებ ანკესს,
ჩამოვჯდები შენი თვალის ქვედა ნაპრალზე და ვთევზაობ
– ვიჭერ პატარა სიხარულებს.

 

***
მე ვამბობ სიჩუმეს.
მე სიჩუმის ხელოვანი ვარ.
ჩემი მსმენელიც ჩუმად მიკრავს აპლოდისმენტებს.

 

***
ქუთუთომ წამწამები მოიმარჯვა.
გუგებმა – ფერთა პალიტრა.
მე შენ დაგხატე.

 

***
ჩემ ღრუბელს ჩემი სევდის ფორმა აქვს.
ვიპოვნი ხოლმე ჩემ წილ ცაზე და ვესაუბრები, როცა მოწყენილი ვარ.
ისიც ყურადღებით მომისმენს ხოლმე. ხან ხელს ჩაიქნევს და გაიფანტება.
ხან პირქუშად მოიღუშება და დუმს. ხანაც ყელში ამოუვა და გაწვიმდება
– თავზე გადმომასხამს გაყინულ წყალს გამოსაფხიზლებლად.

 

1 2 3 4 5 6 7 8