მკვლელობა

(ციკლიდან „სისხლის სამართლის პოეზია“)

რით გავავსოთ აკვარიუმი,
როცა თევზები ცაში დაფრინავენ
მოხუცი წყალი კი ჰაერში გაიხრწნა?
შეეცვალა ჟანგბადს ფორმულა.
ისე ერწყმიან
სისხლის წვეთები ძვირფას ლითონებს,
როგორც წყვილები ანგარებით ქორწინებისას.

გინახავთ მდიდარი ქალბატონების მეჯლისი მორგში?
სევდიანია მათი სინქრონული ცეკვა
ისე ფეხაკრებით,
ფრთხილად მოძრაობენ
თითქოს ეშინიათ,
რომ ერთმანეთს გამოაღვიძებენ.
შვენის მათ კისრებს ძოწისფერი სისხლის ყელსაბამი
– სასტიკი, როგორც სიცოცხლე
და უსაფრთხო, როგორც მარტოობა…
რა ხელმა გამოჭედა?!
ისე სიზუსტით გამოუღადრავთ
თითქოს ხელოვნების ნიმუშს ქმნიდნენ.
რა პოეტურია,
სასამართლოში კი უფრო პროზას წერენ.
სხდომის ოქმი ხომ ნამდვილი მანიფესტია,
სიტყვები, როგორც მანიფესტანტები ერთმანეთს ახელებენ,
ბრობოში გარეულა არგენტუმი
თითქოს ემალება მენდელეევს.
რას იტყოდა მენდელეევი მისსავე ტაბულაზე?
რას იტყოდა მენდელეევი ღმერთზე
და პირიქით?
რას ამბობს ღმერთი მენდელეევზე
ან მისსავე ხატად შექმნილ მკვლელებზე?
რას ამბობს არტისტი მკვლელობის ხელოვნებაზე?
რას ამბობს ქილერი ხელოვნებაზე?
რა არის ხელოვნება?
ვინ გაასამართლებს დამნაშავეს?

 

 

1 2 3 4 5 6 7 8