***

ზოგჯერ პირიქით ხდება,

მამაცი ჩანს და არ აღმოჩნდება.

ო, ღმერთო ჩემო, რად მიეცა დედაშენს

რძე და მამაშენს თესლიო, დასძახებენ.

ზოგჯერ პირიქით ხდება,

კუბოს სახელმწიფო დროშა აფარია,

სახელმწიფო კი სხვაგანაა, კუბოს არ ეკარება,

ხალხი კითხულობს, რა ხდებაო?

როგორ ხდებაო? ხალხი სახარებაშია,

სახარება – ოქროს ყდაში.

შაბით დაწმენდილი წყალი ასვესო,

გმირიაო!

ჩია არწივს ჩიტს დაუძახებენ,

ჩია არწივი გაიცინებს,

შარვალს გარეცხავენ, გაკიდებენ, გაშრება,

ამაყად იფრიალებს.

შენ, ჩემო, სულელო მეზობელო,

ყურს მიგდებ, ჭორს მიყრი, ავყიას,

მიიხურე სახლის კარი,

ყოველდღე ომიდან ვბრუნდები,

შემარგე…

 

***

ჯოჯოხეთში რომ მოვხვდები,

მოგუზგუზე ალში,

ხელჯოხების ქნევით,

ხეიბრები

გამოვლენ,

მაგრამ როგორ მიშველიან?

საკითხავი არის,

საფიქრალი არის,

რას უზამენ ჯოჯოხეთს?

სამოთხეში რომ მოვხვდები,

აღუწერელ სიამეში,

ნაზი ფრთების რხევით,

ხეიბრები

გამოვლენ,

მაგრამ როგორ მიშველიან?

საკითხავი არის,

საფიქრალი არის,

რას უზამენ სამოთხეს?

აქ რომ მოვხვდი მაშინდელი

აღარ მახსოვს, სხაპა-სხუპით

მოვიყარე დღემდე,

განა წინააღმდეგი ვარ?

დავიწყება არის ხსნაო,

და თუ სადმე განრისხდები,

თვალებს ცრემლით დავისიებ…

იცის მოსვლა, გაისად რომ

ველი, იმან უცაბედად,

და არ მინდა შევრცხვე.

 

 

 

1 2 3 4