***

შიშმა გაიარა ჩემი შვილის თვალებში

და ნუში კაკალმა შეცვალა.

მეც ხომ მაგარი დედა ვარ,

წინასწარ ვიცი ყველაფერი.

ვუშლი, არ იშლის, მიმორჩილებს,

აი, შედეგი – მიტკალი.

სად იყო დედაჩემი?

შენ გაჩვენებდა სეირს.

მართალიც იქნებოდა, ყოჩაღიც…

სად იყო თორემ…

გზაზე აღარავინ დარჩა,

ყური რომ მოკრას და უკან დააბრუნოს.

უხეში ძაფით ნაქსოვი სვიტერი

აცვია, გული კი ფაქიზი აქვს,

ნაზი და ფერმიხდილი,

ნაზი და ფერმიხდილი,

ნაზი და ფერმიხდილი,

უნდა გთხოვო,

უნდა გთხოვო,

რა, უნდა გთხოვო

მარიამ?!

 

 

***

თუ ჩემი, ძველი შეყვარებული,

მაღაზიაში შევა და მე მას დავინახავ,

აღარ ვიყიდი იმ დღეს არაფერს,

რათა ახალი სიყვარული გადავარჩინო.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიიდან გამოსული თავის გზით წავა,

მაინც არაფერს არ ვიყიდი,

რათა ახალი სიყვარული გადავარჩინო

და ღელვისაგან სრულიად დაცული

გული სახლს დავუდო,

თვალი – ახალ საკითხავ რომანს, სტრიქონებს შორის

გატაცებით ადევნებული სიჩუმე ჩავკლა,

კიდევ უფრო გავანადგურო,

ვიღაც იკითხავს,

რას ერჩოდი? რას გიშავებდა?

მე ვუპასუხებ, რომ ახალი სიყვარული გადავარჩინე.

თუ ჩემი, ძველი შეყვარებული მაღაზიაში შევა და მე მას დავინახავ…

“მე არ დავტოვებ გამოსათხოვარ წერილს.”

 

 

 

1 2 3 4