***
სული მწარეა, წიწაკის ყვავილები –
თაკარა მზეში
მიიწევენ იქით, ჩემგან შორს,
ტერფებზე მიბმული
სანდლებივით,
ორი მთის ღმერთი
და აქეთ სიტყვა – სასოწარკვეთა.
შემიყვარდა ტურა-მგელი,
მივიჩვიე ტაბლასთან,
წიწილებიც მივართვი,
ტოლ-სწორებშიც დავფასდი,
მაგრამ შნო არ მომეცა.
დავივიწყე მამის სახლი,
მამასისხლად ვიყიდე
სხვა და სხვაში ვწევარ.
აღარ გალობს მოლაღური,
არც მე ვგალობ, მოვკარ ყური
დილით, პირველ არხზე,
ჩემს მეგობარს გაახარებს
ღმერთი. მე რომ კროსვორდს ვავსებ,
და მიყურებს
ოთხი გრაფა, ცარიელი
ეკლესიის ოთხი საკვამურით.
***
ძლივს სუნთქავენ ქალები,
ძლივს სუნთქავენ კაცები,
ღამე მშვიდობისა.
მოვედ, როგორც ერთი ხმა,
როგორც ერთხმისგამცემი,
ღამე მშვიდობისა!
ისე ცხელა, თუ სცხელა
ვინმეს ახლა ამისთვის,
ვიღუპებით, ვხივით,
ჭრელზე უფრო ჭრელია,
გველზე უფრო გველია,
დღის საბელი – სხივი,
ლეოპარდი ჯიქია,
ანტილოპაც ჯიქია,
მე არავის ვაქებ,
მე არავის ვურჩევ,
პოეზია სხვაა, –
ყველაზე მაღალი
პროცენტი ანაბარზე,
როცა მეანაბრე ქრისტეა.