გერმანელმა პოეტმა ზაბინე შიფნერმა, გასულ თვეს გამოცემულ კრებულში „გაოცება“, ერთი ქვეთავი ქართულ თემატიკას მიუძღვნა („მთვარე მტკვრის თავზე“).  პოეტი სამჯერ ეწვია საქართველოს და შეძლებისდაგვარად შეეცადა ქვეყნის გაცნობას. ქართულ კულტურასთან დაახლოებაში კი მას პოეზია დაეხმარა, რომლის თარგმანზეც უკვე რამდენიმე წელია, ინტერნსიურად მუშაობს.

ზაბინე შიფნერის სახელი კელნის პოეტურ სცენას უკავშირდება, სადაც ბრემენიდან სტუდენტად ჩავიდა და საცხოვრებლად დარჩა. თავისი პირველი პოეტური კრებულიც კელნში გამოსცა 1997 წელს და მისი 2018 წელს გამოცემული წიგნის თემაც კელნია – ღია, კოსმოპოლიტური ქალაქი, უამრავი სახელოვნებო სივრცით, რომელიც  ათასწლოვანი ისტორია ყველაფერში იგრძნობა და პოეტიც, როგორც ამ ქალაქის ყველა მცხოვრები, თავს ამ ათასწლოვანი ისტორიის ნაწილად მოაზრებს. ზაბინე შიფნერის შემოქმედების ძირითადი თემა თანამედროვე ქალს უკავშირდება: რას ნიშნავს ერთდროულად იყო დამოუკიდებელი ქალი, დედა და პოეტი. მისი ლირიკული გმირი ერთ ლექსში საკუთარ თავს კარიატიდს უწოდებს: ქალი, რომელიც შენობის საყრდენ სვეტად წარმოიდგინა ანტიკურმა ხელოვნებამ და ამით თითითქოს მარადიულ მეტაფორაში გამოამწყვდია. თუმცა კი, როცა ქალი თვითონ არის ხელოვანი, მას ახალი მეტაფორის შექმნა თავადვე უწევს. როგორც შიფნერი იხსენებს, წერა მას შედეგ დაიწყო, რაც გააცნობიერა, რომ მშობიარობით სამყაროს წრებრუნვის ნაწილი გახდა, რომელზეც აუცილებლად უნდა ეთქვა რამე.

ქალთა საკითხს იგი უფრო ვრცლად შეეხო სადებიუტო რომანში „მელოგინეთა ცხელება“, რომელიც 2005 წელს იურგენ პონტოს პრემიით დაჯილდოვდა. აქ ოთხი თაობის ქალების ცხოვრების მაგალითზე, ფაქტობრივად, მთელი გერმანიის ისტორია იკითხება, საკმაოდ საშიში და ქაოსური. ბოლო ოთხი თაობის გერმანელი ქალები ისევ და ისევ მტკიცედ იყვნენ მიბმული ოჯახის ბურჟუაზიულ სისტემაზე, რაც გულისხმობდა, რომ უნდა ყოფილიყვნენ სახლში, ზიარებოდნენ ხელოვნებას, ეზარდათ შვილები და მიენიჭებინათ ქმრებისთვის სიხარული. სხვადასხვა თაობის ქალების გრძნობებისა და ემოციების გამოსახატად, შიფნერი შეეცადა, რომანის ენაც კი წლების მიხედვით შეეცვალა.

ზაბინე შიფნერის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეატრს. 90-იან წლებში ის კელნის შაუშპილჰაუსის თეატრის რეჟისორის ასისტენტად მუშობდა და საკუთარ პიესებსაც იქ დგამდა, იყო სატელევიზიო გადაცემების რეჟისორიც, დოკუმენტური და ინდუსტრიული ფილმების ავტორი.

თეატრიდან წასვლის შემდეგ, მან აქტიურად დაიწყო თარგმნა, რადგან ინტელექტუალურ მარაგში არაერთი ენა აქვს (თარგმნის ესპანურიდან, კატალონურიდან, ინგლისურიდან, ფრანგულიდან), ასევე მუშაობს ბწკარედიდან პოეტურ თარგმანზე. მას თარგმნილი აქვს ირმა შიოლაშვილის, ზურაბ რთველიაშვილის, რატი ამაღლობელის, ზვიად რატიანის, ნიჯა ჯორჯანელის ლექსების კრებულები და გერმანიაში გამოცემული ქართველ პოეტთა რამდენიმე ანთოლოგია. ზაბინე შიფნერი ასევე ცნობილია სარედაქციო საქმიანობით, როგორც რედაქტორი და იდეის ავტორი.  2007 წლიდან იგი გერმანული პენცენტრის წევრია.

მიღებული აქვს არაერთი პრემია და საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის მარტა ზაალფელდის პრემია (2004 წ.), „ვილა ავრორას სტიპენდია“ ლოს ანჟელესში, ლიონ ფოიხთვანგერის ლიტერატრულ სახლში (2006 წ.) 2021 წელს იგი სტამბოლის გალათას ატელიეს შემოქმედებითი სტიპენდიის მფლობელი გახდა.

ზაბინე შიფნერის ლექსები ინგლისურ, იტალიურ, კატალანურ, თურქულ ენებზეა თარგმნილი. ბოლო წლებში კი იგი ქართველი მკითხველისთვისაც გახდა ცნობილი.

წარმოდგენილი ლექსები აღებულია 2022 წელს გამოცმული კრებულიდან „გაოცება“ (Wundern. Quintus Verlag. 2022). 

 

                                                                                                              მთარგმნელისაგან

 

 

განთიადი

 

ნისლი მიიწევს მაღლა და მაღლა,

მე პატარა ვარ, შემომჯდარი ვარ ამაყად

ხარის კისერზე, გლეხი ელერსი ეწევა გუთანს,

ხარიც მისია,

აქვეა დედა,

ჰარი ჰარალი ჰარალე მე ჯერ

სულ ბავშვი ვარ და ეს სახელი

დედამ დამარქვა, ახლა ხარს რომ მიუძღვის წინ და

ნისლი ზემოთ ადის ხნულიდან,

გუთანს კვალი გააქვს ზამთრის დამზრალ მიწაზე,

ჭრის და აბრუნებს ბელტებს, მე კი

ნისლის სიმღერას მივიმღერი ყვავებთან ერთად,

წვიმა ცრის წვრილად,

დედაჩემი აჩოჩებს გუთანს,

ხარის კისერზე ვზივარ ჩემი ლამაზი კაბით,

აღდგომამდე ცოტაღა დარჩა,

ახლა უკვე მამაჩემიც მოჰყვება გუთანს

და მღერის ჰარი ჰარალეო თავდება ნისლიც,

შეშინებულნი დაფრინავენ ყვავები წყვილად,

წრეს არტყამენ ჰაერში, ჩვენ კი,

სახნავ მინდორზე მივიწევთ წინ-წინ,

ოხთუმისაკენ,

ისევ და ისევ.

 

 

 

1 2 3 4