***

ჯერ გაუთხრელ და თან დაობებულ სარკო-

ფაგებში თვლემენ წარსული დროით ნაჭარ-

მაგევი ძვლები გაზრდის იმედით დარგო

ვიღაცამ და რტო გამხმარი მოაქვთ ვაჭარ-

ქორებს თუ ღორებს და მე კი მეში ვუდრი,

ან შენში გავხდი უკვე ტოლობა. ბალდა-

ხინებში, როცა ბარდნის სიმშვიდის პუდრი,

რაღა შეგვრჩება ან მე ან სიკვდილს გარდა

ჩაბჟირების და ლაზღანდარობის მეტი,

სიტყვებთან ერთად ისე უაზროდ ვიწე-

ლები, ახია რომ მომიღეროს კეტი

ცხოვრებამ. ამ დროს უკვე საფლავში ვიწვე.

 

 

ვიგონებ

ძველი ლექსების ვიგონებ სურნელს,

გიგონებ ისევ ცელქს და თავნებას;

ვუყვები ჩემში დარჩენილ სულელს

ამბად, სიკვდილის დაგვიანებას.

გუშინ ზამთრისფრად სუნთქავდა ძაღლიც,

ტყვიას ელოდა სუიციდი და

სხეულის თრევით, ამაოდ დაღლილ

სულსაც მდუმარე წამი უცდიდა.

სრული აბსურდი, სრული მარაზმი….

ლოდი და ირგვლივ დგანან ძეძვები;

ერთ დროს ფიქრები ასე დავრაზმე,

ახლა კი ვიცი აღარ მეძებენ.

 

 

1 2 3 4 5 6