განთიადის საყვედური

ვაი დილის მზეო,

არასოდეს მოგიყვები ღამეზე,

თვალებში რომ ჩამიგუბდა.

ისე იცი ხოლმე მოკალათება

ღრუბელს გაღმა და ღრუბელს გამოღმა,

თითქოს შენი სხივებით

მთელი უძილობის ნარჩენები უნდა გამოგავო

ბიოლოგიური მახსოვრობიდან

მერე მშვიდად გადაბრუნდები

სხვა მხარეს მანამ,

სანამ პლანეტის ოღროჩოღრო ზედაპირი

ახალი ფორმის ჩრდილებში არ აიბლანდება.

გაფითრებულ არსებობას ისე როგორ დაიოკებს ადამიანი,

შენი ხალისიანი ხასიათი თუ არ შეაშველე.

 

 

შიმშილის

ხშირად იხსენებ ბოლოს გემრიელად როდის ჭამე.

ცოცხალი შეგრძნებებით კვებავ გაუსაძლისობას.

თითო ლუკმა ანესთეზიური აბია

დროში რომ გადმოიზლაზნა იძულებით,

ოდნავი შეღავათის მოსაცემად,

თორემ იმდენი ხანია გასული

ამძაღდებოდა კიდეც და გაიხრწნებოდა;

ვეღარ შეინარჩუნებდა ამ დრომდე თავს.

ეს არასაამაყო ტკივილია.

დამამცირებელი.არარაინდული.თანაც გასუსტებს.

სპირტიანი ბოცის თავღია დატოვება რომ წარმოშობს ამოქარებას,

ამ ჭურჭლის შიგთავსი გგონია კუჭის კედლები,

მოლიპული გზის უადგილო ყრუ შეგრძნებასაც შემოგაპარებს,

ღრიჭო ვერდახშული ჩარჩოებიდან

შემოხეტებული ქარის

უზნეო ალიაქოთი წინასწარ

შეთქმულებასთან გააიგივე,

თავის მომძინარება რომ არ გაპატია.

მერე გააჩერე ნებისმიერი შიმშილდამცხრალი

და მოაყოლე საგმირო ისტორიასავით

საუზმის,სადილის ან ვახშმის შესახებ,

საერთო მთლიან სიმძაფრედ რომ გადაქცეულა,

ცალ-ცალკე გაახსენე, ყველა უმნიშვნელო დეტალი,

და შენი დაცემის შესახებ შიშები,

არხეინობის საფარში ისე გატრუნე,

როგორც ლასლასი მოძრაობისას,

აღნაგობას რომ აეკიდა მხდალი ჩრდილივით,

ლაქიასავით თვალებშიც რომ ვეღარ გიყურებს.

როგორ ძღებიან ამ ბოლო დროს უჰაერობით.

მოხალულ ჟანგბადს თუ მოაპნევ ახლა  ფილტვებზე,

იქნებ პოეტურ დეტრმინანტს აუღო ალღო.

პერიოდულად გაიშვირე – ხელი, კისერი,

შიმშილის სიგრძე,  უწყვეტობა თუნდაც ამგვარი.

იქნებ ერთ დღესაც მოახერხო საკუთარ თავთან

გამასპინძლება – ჩაშუშული სიცარიელით.

 

 

1 2 3 4 5 6