რაღაც

ხარ – არარსებობის სიმბოლო, მიკრობი;

ხან ნისლის ცრემლები სიმშრალეს მოსავენ;

ხვალ, ვენებს შიგნიდან ისე მიეკრობი,

დაამხობ სისხლის დროს, იქნები – მესამე

რაინდი სიბრიყვის, უჟმური ხორციდან

გათრევა იქნება შენივე დასტური

და იმდენ გაფლანგულ სიცრუეს მოიტან,

საკუთარ ცხედარსაც მხატვრულად დასტირებ.

ასეა… და იცი… გიკვირს რომ ცივია,

ის ყველა პასაჟი ფიქრიდან აჭრილი,

ლანდები ფეხდაფეხ მოგდევენ, წივიან;

ყრუ სმენას სინდისის მახვილებს არჭობენ.

უმიზნოდ გაფლანგულ გრძნობების ნაფლეთებს,

კრეფდი და აკრავდი არქივში – სიშიშვლის;

ცხოვრება ისედაც მრავალჯერ გაფეთებს,

გაგიჟდი ! გაგიჟდი ! გაგიჟდი ! – ვინ გიშლის…

პალატის სითეთრეს ბარბაცით მიყვები,

განიცდი ხალათი რომ ძვლებზე მყარია,

ეძახი და მაინც ივიწყებ სიტყვებით

მეგობრებს, ვინც შენთან დღეს აღარ არიან.

გიცნობდი ოდესღაც მეგონა სხვანაირს,

გხედავდი, გხვდებოდი დიდების მოჰიკანს,

ყოველთვის სუნთქავდი დუმილის სხვა ჰაერს,

სიმშვიდეს ფიქრობდი, ხსოვნა რომ მოგიტანს.

 

 

რჩევა

ნაჯერი ხსნარივით მოყირჭება ცოდნია ცხოვრებას,

თუ წარმოადგენ ერთგვარ ნაერთს ხასიათების,

გარკვეულ ზღვრამდე აიტანოს შენი ხსნადობა,

ან კრისტალებად ფსკერს მიმჯდარი განმარტოება.

ასე მარტივად აიხსნება ყველა მოვლენა.

უჩინარ დღეებს ვერ იკავებ ხველებასავით,

აფარებ სახეს საკუთარ და ხანაც სხვის მაჯებს,

საცეცებივით განლაგებულ, თავზე – თითებით;

ცდილობ სამყარო ვერ შენიშნო და ასე იხსნა

ილუზიების გადაკვეთა – არსებობაზე,

რომლითაც თითქოს თავს აჯერებ შეუპოვრობას…

უმეტეს წილად არ გამოგდის და ილექები.

და ლუქავ სმენას, არ იტოვებ გასაქცევს მაშინ

როცა გიტევენ – შეზღუდვები, ჩვევები; გყოფნის

– შიშები მკვეთრი, ლექსებშივე ჩამხრჩვალი ხშირად

ალიაქოთი ფიქრების თუ იმგვარი შფოთი,

სიმშვიდის სახით მხოლოდ ქოშინს რომ გაიძულებს

და წარმოიდგენ ნეკნებს შორის გაყრილ სტაფილოს

გაუსაძლისი ყოფასავით ებღაუჭები,

-თუ აბსურდია ყველაფერი აბსურდი იყოს…

არ გადამალო სახის მღვრიე ზედაპირიდან

ის იმედები, ცინიკურად რომ გექერცლება,

სიცოცხლის შემდეგ იქნებ შეძლო აღმოცენებაც.

 

 

1 2 3 4 5 6