სიროფი

რა ვუთხრა შაქარს წყალში ჩაყრამდე,

ან რა სურვილი გავატანო თავბრუს ხვევამდე

კოვზით სანამ დაესხა რეტი.

ფინჯანი ამ დროს გამჭვირვალე უმჯობესია,

ვუყურებ მშვიდად როგორ ქრება ყველა კრისტალი,

იმ ბედნიერი წამებივით, არსებობას რომ გამოვცინცლეთ.

დამტკბარი წყალი გაყვითლდება, უკანასკნელად

თვალს შევავლებ, ერთი მცდელობით ამოვივსებ პირის ღრუს ლამის

და ნეტარებას გავუძღვები უჯრედებისკენ.

ამ დროს არ უნდა გეძინოს მგონი.

ამჩნევ ყველაფერს და ჩემი ჩვევის მავნე შედეგზე

მერამდენედ მიწყებ საუბარს.

მეც მერამდენედ გისმენ უსიტყვოდ.

შემდეგ ჩუმდები.

ოთახში დუმილს ღია ფანჯრიდან

კვლავ შეერევა  ცხენის ფრუტუნი,

რომლის ნალების ხმაც კი არ გესმის,

თითქოს ფლოქვებზე გომბეშოები დაუჭედებიათ

და თქარათქურის ნაცვლად ყიყინით

უნდა გაბზარონ დაღლილი სმენა.

ვერც ამ ცხენს ხედავ, არ მიჯერებ როგორ მიყურებს,

იღებ ტელეფონს, შიშნარევი ჩურჩულით ამბობ

– ისევ დაეწყო.  მოდიან თავდაჯერებული ადამიანები.

ცხენის მკვლელი ადამიანები

გომბეშოებით მივსებენ ჯიბეებს

და შაქარს აპნევენ ღია ფანჯრიდან.

 

 

 

1 2 3 4 5 6