თვინიერების

არსებულ ზღუდეს გველის ტანის თვისებები აქვს

მზის გულზე, როცა თვალში აფენს ფერების გამას,

თითქოს შიშების დასაცხრობად აციმციმდება,

სრული მზადყოფნაც იფანტება გადაბიჯების.

და განთიადი როგორც ზეცის დიასახლისი

გაფაციცებით აალაგებს ღამის ნარჩენებს;

შემოაჩეჩებს სულში ჩამძვრალ უწესრიგობას

მოჩვენებითი არსებობის ვალდებულებით.

უსაშველოა პერიოდი დაღამებამდე;

ფარდებთან ერთად ზურგით გმანავ ოთახში დუმილს,

გმინავ სივრცეებს უხილავი გაუცხოების

და აშლილობაც უფსკრულივით გიახლოვდება.

დაგეუფლება უნებლიე თვინიერება.

გამოგირეცხავს ეს დინება მხნეობის ქანებს,

შთანთქავს სიცოცხლეს, მაგ სიცოცხლეს როგორც ქარიბდა,

შიში ღარიბთა – შიმშილისკენ რომ მიგაქანებს.

 

 

დანარცხების

მოშინაურებულო კედლებო,

საპირისპიროდ გადაზნექილო საყრდენებო,

რას ამოგჩრიათ ნაგვიანევი დეპეშასავით

აჩრდილთა ორგიები

და არაფრისმთქმელი ყოვლისმომცველობით

აპურებთ გაუმაძღარ მოლოდინებს,

თითქოს ეს ესაა შეიშმუშნება ფანჯრებზე,

მრავალჯერ ნაცვამი საქორწინო კაბასავით

უმოძრაობას აყოლილი ფარდა,

სარკმელის ლიბრთან უფრო მეტი საერთო რომ გამოუნახავს

გრაციოზული შინაარსით, ვიდრე შტორმამდე გასუსულ ამინდში

დაშვებულ იალქანს ნუგეშთან,

მოულოდნელობამ რომ უნდა მორკალოს

და ფანჯრის მიღმიერ უხამსობას დრამატულად ენარცხები

ფრთამოცარულო კაკჭკაჭო,

შენი გამოუცდელობა მტაცებლის შიმშილს დაიქვემდებარებს

და უკან დაგრჩება უზრუნველი ცხოვრება

ფერადი ლითონებით გამოწნული ბუდიდან რომ დაგყვა

მშობლების ზრუნვით.

ილუზიაა ყოველგვარი წონასწორობა.

შენ სასარგებლო სიკვდილიც კი  აღმოაჩინე.

ჩვენი ბედის უმნიშვნელო განსხვავებებზე უნდა ვიფიქრო.

რაც იმას ნიშნავს რომ ცოცხალი მეცოდებოდი.

 

 

1 2 3 4 5 6