ცამეტი წელია…

 

ცამეტი წელია, მიყურებ,
გიყურებ, მაჯერებ, გაჯერებ,
რამდენჯერ გითქვია მიყვარხარ-
მიყვარხარ-მე მითქვამს რამდენჯერ.
ცამეტი წელია, ვიზრდებით,
ვსაუბრობთ, ვბრაზდებით, ვმშვიდდებით,
საერთო დაგვჩემდა სიზმრები,
საერთო გვეზრდება შვილები.
ცამეტი წელია, ვიცლებით
და ისევ ვივსებით ხელახლა,
მთვარე სულ შორიდან გვიცქერის.
მზე თითქოს პირადად გვეახლა.
ცამეტი წელია, მოვდივართ,
არ ვაქრობთ, ვაღვივებთ კერიას,
სულში და გულში ხარ, როდიდან?
ცამეტჯერ ცამეტი წელია.
ზეციდან ღვთის მადლით ვირწყვებით,
თუმცაღა გვერჩოდნენ ავდრებიც
და მაინც ყოველთვის ვირწყვებით
და მაინც არასდროს ვმთავრდებით,
რადგანაც ვრცელი და წრფელი ხარ
და ულევ ღიმილად გაშლილხარ…
ერთად ვართ ცამეტი წელია
და ერთად ვიყავით მაშინაც
როდესაც ერთად არ ვიყავით
მიყვარხარ…მიყვარდი…

 

 

 

1 2 3 4 5 6