* * *

მე მივდიოდი და ვეცემოდი,
ისევ ვდგებოდი და მივდიოდი.

გალაკტიონი

თავზე დატეხილ ყველა განსაცდელს,
მე ვიღებ,როგორც უფლის წყალობას,
ვცდილობ აუგი არსად არ დამცდეს
და ვიყო მშვიდი,როგორც წყაროა.
მაგრამ ვეცემი,ისევ ვეცემი,
იქ,სადაც უფრო ტალახი ჭარბობს
და როგორც ბნელში ხელის ცეცებით,
ისე მივკვალავ ხავსიან ჭაობს.
ჭაობი მითრევს,სიღრმისკენ მაგდებს,
ვყვირი,თუმც უკვე შორს ვარ მიწიდან,
მე ვხედავ ჩემსკენ მომზირალ ლანდებს,
ხმა,რომ ესმით და ხელს არ მიწვდიან.
მეტიც, მტოვებენ…მე კი დამღალა
ბრძოლამ, ჩვენს შორის ჩნდება უფსკრული,
მათთვის მკვდარი ვარ, მათთვის აღარ ვარ,
ვარ განწირული და დაღუპული.
მაგრამ ვიღაცას იქნებ ვჭირდები,
ზუსტად ასეთი, სულ რომ ვისვრები
და მე თვალს ვახელ, ხავსს ვეჭიდები
და ფონს გავდივარ ისევ ღვთის ნებით
და ვცდილობ საზღვრებს აღარ გადავცდე,
გასავლელ დღეებს და გზებს ვუფრთხილდე…
თავზე დატეხილ ყველა განსაცდელს,
მე ისე ვიღებ,როგორც უფლის ძღვენს…

 

 

* * *

ცას გაექცა ღამის ბინდი,
მზე ოქროსფერ სხივებს ართავს,
სიამოვნებაა დიდი,-
-ჭვრეტა მშვენიერებათა.
ქარი ჩქარობს,ჰქრის და მიდის,
ღრუბელს მალე შეხვდეს რათა,-
სიამოვნებაა დიდი,
-ჭვრეტა მშვენიერებათა.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6