დ ე დ ი…

გხედავ თვალებცრემლიანსა და შემკრთალს,
ზოგჯერ ჩუმად როგორ ატირდები,
დედი,უნდა დაგამშვიდო,შენთან
ლაპარაკი მომენატრა დედი…
შენ სიყვარულს მასწავლიდი,ყველა
განსაცდელს და ხიფათს მარიდებდი
და როდესაც მჭირდებოდა შველა,
მაშინ სწორედ შენ მშველოდი დედი.
ბევრჯერ მტვრიან შარაგზებზე მავალს,
კარგად მახსოვს,როგორც მარიგებდი,
მე ხომ შენთვის ჯერაც პატარა ვარ,
ჰოდა,გულში ჩამიხუტე,დედი…
გახსოვს,ბავშვს,რომ მისწორებდი საბანს
ფრთხილად თავზე ხელს რომ დამადებდი,
იცი, მაშინ არ მეძინა, არა,
შენი ხელის სითბოს ვგრძნობდი,დედი.
ახლა,მარტო ვხვდები უცხო დილას,
არა უშავს,რომ არ გყავარ გვერდით,
მე ამ ღამით შენს მაგიერ თბილად,
ღვთისმშობელი დამაძინებს დედი.
დღესაც ამინდს ცუდი პირი უჩანს,
ცოტა კიდეც შემაცია დედი,
გადაბმულად წვიმებია თუმცა
არ იდარდო,მე არ დავსველდები.
იყო წლები ხან ასე.ხან ისე,
თუ მდარდობდი,კიდეც გახარებდი,
მე ხომ შენთვის პატარა ვარ ისევ,
ჰოდა,ხელი შემაშველე დედი…
აქ,სხივები მთებს რომ ედებიან,
ერთ ნახვად ღირს ფერს რა ფერი აზის,
შედევრია.მართლა შედევრია –
შემოდგომის ვრცელი პეიზაჟი.
მერე მოთოვს,წარმოვიდგენ დედი,
შენ მიმღერი,თან ჩემს აკვანს არწევ,
მეც შენსავით,როცა გავთეთრდები,
დედი,მე იმ სითეთრეზეც დავწერ.
ჯერ კი ისევ ვუმზერ ფერთა გამას
და მოწყენას მომხვდურივით ვდევნი,
აქ,მფარველად მე უფალი მყავს და
შენს შეწევნას ვევედრები დედი
უფალი,რომ შეგეწევა,მჯერა
არც არასდროს აღარ ატირდები,
მე ხომ შენთვის პატარა ვარ ჯერაც-
ხელი…ხელი არ გამიშვა დედი…

 

 

1 2 3 4 5 6