უკვდავება

მზეს ღრუბლის შავი ეფარა რიდე-
მიუწვდომელს და მიუკარებელს,
დრო ხურჯინივით წამოვიკიდე
და უკვდავების შევხსენ კარები.
წლები დავბერტყე,როგორც კაკალი,
ნაანდერძევი ვლესე მახვილი,
გულს ორგულობა არ გავაკარე,
ავაბრიალე მწველი სახმილი
სიყვარულისა…ვერ დავიოკე
მერე სისხლი და მივწვდი უკუნეთს,
ვინც კი მეურჩა,ავაწიოკე
და შევაჩერე ეს საუკუნე…
ცაში ღრუბლებიც ავაწრიალე,
გაუხედნავი ქარების რისხვით,
ავავსე მერე ღვინით ფიალა,
გადავკარი და გავითბე სისხლი.
დეზი ვკარ მერანს, ქარს ავედევნე
და ავისრულე ძველი ზრახვანი,
მოვტაცე თეთრი კოშკიდან დევებს
ოქროსთმიანი მზეთუნახავი…
ბოლოს, ცივსა და მიუკარებელ
მზეს ჩამოვგლიჯე ღრუბლების რიდე…
დავრაზე მერე ისევ კარები
და უკვდავებას გამოვერიდე…

 

 

* * *
ცის პრერიებზე, თითქოს თეთრ პონებს
ღრუბლებს ყიჟინით მისდევდა ქარი,
გეძებდი,მაგრამ ვერსად ვერ გპოვე,
გეძებდი, თვალიც ვერ შეგასწარი.
მზე, როგორც მკაცრი დედინაცვალი
მოღუშულიყო და არ მწყალობდა,
წლებს,როგორც სიმინდს, ისე ვმარცვლავდი,
პეშვით მომქონდა წყალი წყაროდან.
ვითვლიდი დღეებს უშენოდ ჩავლილს,
დრო ბუტბუტებდა,როგორც მკითხავი,
არსად არ ჩანდი,არსად არ ჩანდი,
თუმცა ვიცოდი ყველგან იყავი.
ვიცოდი,მაინც ვერსად ვერ გპოვე,
გეძებდი თვალიც ვერ შეგასწარი…
ცის პრერიებზე გაქცეულ პონებს
ღრუბლებს ყიჟინით მისდევდა ქარი,

 

 

1 2 3 4 5 6