***
სტამბიდან ვერის სასაფლაომდე

(შოთა იათაშვილს)

შენ ნაგლეჯ-ნაგლეჯ მიყვები ამბავს,

რასაც თავს აბამ.

რომ ახალ სტამბას

ძველი გერჩია.

რომ ახლა აღარც რომანტიკაა,

სადღაც გულს შიგნით, წლებია, ჩალპა.

დღეს კი იხსენებ, რაც დაივიწყე

და მე ვისრუტავ, როგორც წყალს ბამბა.

 

ვერა და ვერა

ვერ დავიძინე.

და შენც ვერაზე წვალობდი თურმე.

ამ თენებაში შევრჩით ერმანეთს

და როგორც ყველას, მეც, დილის სტუმარს

შემომთავაზე ვერის გიდობა,

რომ ვერის ბაღში შეჭრილ კიდობანს,

რომ ვერის ბაღში ძინავს ჭონქაძეს,

რომ იქვე ძინავს პირველ პედიატრს,

რომ მღვიძავს, რადგან მეტისმეტია,

არც ხელფასია, არც – ჰონორარი, არც – სტიპენდია.

 

შენ ნაგლეჯ-ნაგლეჯ მიყვები ამბავს,

რასაც თავს აბამ.

რომ მზერა დალბა

და სულერთია რას გაუსწორებ,

ქვებს თუ რაფაზე შემოდგმულ ბალბას.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8