***

მერე

მომავალში

რომ შემეკითხებიან

წარსულზე რომ შემეკითხებიან

ჩვენი დროის გარდა არცერთი დრო რომ არ მემახსოვრება

და რადგან ისიც უნდა დავმალო

მოვატყუებ

 

მოვატყუებ

რომ არაფერი მახსოვს.

 

***

მწიფდება. დიდი ტკივილისთვის უკვე მზად არი
სიტყვა, რომელიც ქერქს იძრობს და სულმთლად შიშველი
დგება შენ თვალწინ, რომ უშველო. ცამდე მართალი,
ცამდე კეთილი საოცნებო დღეებს გიშენებს.
გპირდება. ნანობს. უხარია. კვდება. გაღმერთებს.
და მხოლოდ შენი თვალებიდან ხედავს სიმშვიდეს.
რომ იმ წარსულში მიტოვებულ, დაშლილ სახეთა
შიშებში ცხოვრობს. შენთან მოდის ბოლო შიშიდან.
და შენც უწყრები ამ დამპალი სიმართლისათვის,
რომ გპირდება და უხარია. ნანობს. გიკვდება.
შენს ხელებში რომ ვეღარასდროს გამოიზამთრებს,
უნდა იცრუონ მკვდარშობილმა, ფუჭმა სიტყვებმა.

1 2 3 4 5 6 7 8