***
დიდი სახლიდან გამოსულმა ბაღს მიაშურე,
რომ ფერად სკამებს სიმარტოვით გამოეკვებე.
შენი ოცნება – რეალური. არაბავშვური.
შენს ოცნებაში მოწკმუტუნე ძაღლის ლეკვები.

დიდი სახლიდან გამოსულმა წყალი იშოვე.
და წყალი მოსვი. და სინათლეს გულით ატარებ.
მატარებელი. ავტობუსი. გზა. შუქნიშანი.
და შენი მზერა – გულგრილი და ცამდე მართალი.

დიდი სახლიდან გამოსულმა ფრთები დამალე.
ფრთები ჟანგის და არა – ბროლის, რაღა თქმა უნდა!
და გიხარია, შენს ტკივილში რომ ნატამალიც
არ არის შვების. არც იქნება სავარაუდოდ.
***

დღეს შორს ვარ ყველა ოცნებისგან და იმედები
გავუშვი. გავათავისუფლე. ახლა შორსა ვარ
შენგან. ჩვენგან და უფრო სხვა ვარ, ასე მგონია.
ის, ვისაც ერთი ხელის მოსმით გაიმეტებენ.
ვინც ეცადა და ვერაფერი ვერ ამოშალა.
დღეს ყველაფერი სიმშრალემდე. წვამდე შორია.

დღეს ვეღარაფერს ვერ გიყვები. გამომეცალა
ძალა და მხოლოდ ის თუ მინდა არ გეშინოდეს.
არ გაურბოდე წარსულს მხოლოდ რამის შეცვლამდე.
გაზაფხული რომ ვერ გვახარა მკვდარმა მერცხალმა,
ახლა მხოლოდ ის ტკივილები გვაკავშირებენ
და ვნატრობ, მასაც უეცრად არ ჩამომრეცხავდეს

დრო. შორს ვარ ყველა ოცნებისგან და იმედები
გავუშვი.
გავათავისუფლე.

1 2 3 4 5 6 7 8