დაკარგული ფოლაქი

 

სად წავიდა შენი კარგი ქალობა.

სად დაფერთხე შარშანდელი ნოხები.

ჩაგივარდა ჟანგიანი ფოლაქი,

ვეძებ, ვეძებ, რამე უნდა ვიღონო.

ამ ძებნაში ისე მოვღონიერდი,

დავიფრინე გატრუნული იხვები,

ცალი ხელით სუნთქვა ისე მოვღუნე,

დროა გრძნობის მთელი შხამი იხვინო.

ფერდებს მისცე არნახული ხამუში,

ხეში ჩამდგარ წყალს უპოვნო ღიობი,

გამოკეტე ღრენა გულის მახეში,

ღიმილი კი იმ ეკლებით შეღობე

რომ გცვიოდა, ზედ კი ფეხებს ახლეწდი

და გემები თვლემდნენ ზანტად, უმწეოდ,

შენი ცრემლის მარგალიტებს იტევდნენ,

შენი თმიდან აფრენილი პეპლები,

იალქნებად ფრთებს ბერავდნენ ანძებზე,

მერე გემებს არნახული ქოშინით

ალმაცერი მზისკენ მიაქანებდნენ.

ღრუბელს ვწიწკნი, თითქოს მთვარე ტორტმანებს.

ვარსკვლავებმა ჩამობერეს ცის პირი.

თუ იქუხებს მეხი ვის დაეცემა?

სად ეგდება იმ დროს შენი ფოლაქი?

ან მძებნელი მანამ სად იბოგინებს?

 

 

 

1 2 3 4 5 6 7