გამოყოფა

 

კაჟი ქვიდან განდევნილი შაქარი,

კოჟრი ხიდან მოგლეჯილი მყესი,

ალმაცერი ნაბიჯები მაჩქარებს,

ჩემის ნაცვლად ხან სხვის აღმართს ვმწყემსავ.

არაფერი ინარჩუნებს იერს,

გადამხდება უამრავი ოინი,

რა ვუთხარი იმ ხალხსა და იმ ერს,

ღმერთს რომ ირჩევს უხსოვარი დროიდან

და ივიწყებს ადამიანს რწმენით.

პურის თავ-თავს აეფოფრა მარცვალი,

მთვარის ქეჩოს ჩააფრინდა ქილიკი,

აქ დარჩენა უკვე აღარ მაცალეს,

უმი ციდან დაპნეული ფქვილი კი

ყველა ამბარს ქატოდ ჩაუპირქვავდა.

სხვა ნახშირით გაიპოხა ზღაპარი,

დაიბრიცა ჯადოსნური ზღურბლი,

ვერ გაივსო ადრინდელი საპურე,

ხვალინდელ დღეს მორიდებით ვუბღვერ.

სად წავიდა საიმედო ელფერი?

იქნებ სიზმარს გამოეყო დრო,

მერე თხევად თვალში გაუჩინარდა,

პეპლებმა კი ფრთები ამოიკეცეს

და გაგორნდენ ყვავილების მუხლებთან.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7