ფიჩხი

 

აბა ერთხელ სცადე და ხმელი ფიჩხის თვალით შეარხიე უმოძრაობა.

წარმოიდგინე იგრძენი როგორ შეგკონეს და მხარზე გაგიდეს,

ან სულაც ისე წაგათრიეს ნედლი ნათესავებისგან შევიწროვებული გზით,

თონეში ჩაგჩურთეს და ატკაცუნდი.

ხმელი ფიჩხის თვალებს რა მოუვა? – გახურდება და გაწითლდება.

მაღლა ოვალურ კედელზე ცომებს მიატყეპებენ,

რაც გმოცხვება ვიღაც წაიღებს.

თუ გაუმართლა, ერთი მაინც მოწყდა კედლიდან,

დამწვარ თვალებში მოადენს წითელ ზღართანს,

ან წითელ თვალებს დაასკდება ზავის ღიმილით,

(,,ზანგის ღიმლი” თონეშიც ცხვება. უფრო ცხვებოდა).

ფერფლში ჩაწვება და ობლის კვერის მაგივრობას იქ გააფორმებს.

თვალში თითის ამომსმელს რა ძებნა უნდა.

დაახამხამე.

 

 

 

 გასწრება

 

როგორც არ უნდა გამეფიქრა, გამომეჩინა

სურვილი და გადამეყვლიფა მთელი სხეული,

გადამდებოდა სიხარულის ყველა ნარჩენი,

ასე მწყობრად შორს გაფანტული თითო სხივიდან,

სიმაღლის შიშით ამბოხებას რომ აპირებდნენ

ცივი სიზმრიდან გაფრენილი ნორჩი პეპლები,

ერთი სიცოცხლის განაჩენით გაბრუებულებს,

ხშირად ეგონათ სურვილებიც ისე ლბებოდნენ,

როგორც ალბომში ფოტოებზე სიბრალულისგან,

დროსთან მარცხისთვის განწირული გამოხედვები,

რომელშიც ვეღარ თავსდებიან – ძმები, მშობლები,

დები, შვილები, სხვა შვილები და ასე შემდეგ,

ან ამის მეტი თუ არ იცის ყველა ბალიშმა,

რომლის სახესთან შეხორცებით მხოლოდ ვდედდებით

და ვიკრებთ ძალას, ვიგერიებთ უსუსურობას,

თუ  ბალიშისგან ამის მეტი იმედი არ გვაქვს,

როგორ ვწვებით და უძილობას როგორ ვიშუშებთ,

როგორ ვეცნობით ისევ ახალ ადამიანებს

და მოლიდინის წახემსებით ვიკვლევთ გასწრებას.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7