თითები

 

ხელებზე თითებს ფუნქციები ამოძრავებენ.

ერთიანობის შედეგია ტაში და მუშტი.

ცალცალკეც ყველას გააჩნია დანიშნულება,

სახელი, სიგრძე.

ქორწინებისთვის შესაბამის ბეჭედს იმშვენებს

სახელად – არა,

ცერა და ნეკი თანაბარი სიმაღლის თითქმის,

მათ შორის სამი თითის ვფიქრობ უფრო დარაჯი,

ვერც ერთი ცდილობს შეითავსოს ის სითამამე,

რომელსაც ავლენს სიმაღლიდან გამომდინარე

სახელად – შუა.

თუ საჭიროა შუა თითის ჩვენაბა მაშინ,

ალბათ ჯობს იყოს უფრო მაღალი.

და არის კიდევ ერთი ისე მოუსვენარი,

ან უფრო სწორედ მორალურად შეუპოვარი,

რომ ყოველ ჯერზე თუ რამეა საჩვენებელი,

სულ მას იშვერენ.

შესაბამისი სახელიც აქვს – საჩვენებელი.

ხელის მტევანზე თითებამდე ხელის გულია.

ჩიტის ბარტყებიც თავსდებიან ალბათ როდისმე

მასში, ან ყინვით გათოშვისგან დაორთქვლას ისე

მოითმენს თითქოს ეს ესაა ულღვება ლიმფა.

ან წენგოს წვენით მისი კანი ფერს იცვლის ისე,

როგორც უძრავად გაყურსული ქამელეონი.

კაკლაობის დროს დამიზნების შემდეგ გასროლა,

მიზანში ამოღებამდე და უფრო მანამდე,

მათ არ ანაღვლებთ რეტდასხმული ლებნების ბედი,

უღელის ფიცით ნაჭუჭში რომ გამომწყვდეულან.

არ ეფიქრებათ მომავალში ტყვიის გასროლა

სასხლეტზე თითის მიბჯენით და კიდევ მიბჯენით,

რომ გამოუვათ სამი თითის კომბინაციით

ის მოქმედება, რაც ლოცვისთვის პირჯვარსაც უნდა.

როცა დადგება დინებისგან ტანის წაღების,

წყალწაღებულის დახრჩობის ან ისე ჩაძირვის

მომენტი და სხვა არ იქნება გამოსავალი,

დასახიჩრებულ ხავსს საყვედურს ვერ ათქმევინებ,

ვერ დაავიწყებ განწირულის თითებით პოტინს.

ვერ მოხერხდება მათ გარეშე სახის დახოკვა,

ჭიტაზე უკვე ლაპარაკიც არის ზედმეტი

და შუა თითი არსებულზე უფრო დაბალი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7