ბესიკის გომური 

 

„ვიღაცა ვაშლის ფოთლებსა სწვავს გომურის გვერდით“

თქვა ბესიკმა, ხარანაულმა.

მერე თქვა, რომ გომური აქვს გადასახური – ერთხელ,

მდიდრების და ღარიბების თავყრილობაზე,

სადაც მდიდრები ბიზნესის სიით იყვნენ მოწვეულნი,

ღარიბები – ხელოვნების, როგორც

თავყრილობის მხატვრული ეფექტი.

იყო ფურშეტიც –  როგორც კულინარიული დეკორი.

აქ თქვა ბესიკმა, რომ გომური აქვს გადასახური

და რაღაც ჰკითხა ბიზნესმენ-მშენებელს – ჭიქა ღვინით ხელში.

„ამას მე ვაკეთებ – გადაწყვეტილია“ – თქვა ბიზნესმენმა.

ბესიკი შეწუხდა,

წვეულების მასპინძელს გაუხარდა:

ერთი კარგი საქმე მაინც გაკეთდა დღეს – თქვა გულში.

გავიდა ზაფხული,

მოვიდა შემოდგომა (ასე ხდება ხოლმე ამ სოფელ-ქვეყანაში);

შეშინდა ბესიკის გომური: თქვა, რომ ვერ გადაიტანდა ამ ზამთარს.

შეშინდა ბიზნესმენ-მშენებელიც:

ეს თავიდან ყოფილა ასაშენებელი,

მე მხოლოდ სახურავის შეცვლა მეგონაო –  12 კვ.მ.

ამბის დასასრული.

არადა, კაცო, მე ხომ არ მითხოვიაო – გაკვირდა ბესიკი

და ჯავრიანად მოხვეტა ვაშლის ფოთლები:

გომურის გვერდითაც ვერ დაწვავს  –

ახლა სხვა დროა: ფოთლების დაწვაზე რომ ჯარიმაა,

პოეტს რომ გომურის ფასი აქვს,

სიტყვა კი უფასოა – ის დრო…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7