მამაჩემი მოსამარხეა

 

მამაჩემი მოსამარხეა (იგივე მესაფლავე),

ოღონდ – ხანდახან,

როცა რიგი უწევს.

სოფელს არ ჰყავს მესაფლავე,

ერთმანეთს რიგრიგობით მარხავენ.

 

მოსამარხეა  მამაჩემი

და შიშობს,  ვაითუ ვერ შეძლოს ხვალ საფლავის გათხრა.

შენი რიგია – ეუბნება სოფელი,

შენი დასამარხია ეს მკვდარი!

 

ასეთი მკაცრია სოფელი:

არ გიჯერებს  სიბერეს.

ფიქრობს კაცი: იმ დროს ნუ მომკლავ,

როცა ისევ ჩემი რიგი იქნება,

არ მითხრან: შენ თვითონ დაიმარხე თავი!

 

მოსამარხეა მამაჩემი. ბებერი მოსამარხე.

ხვალ მის იმედზეა მკვდარი.

 

 

მამაჩემის ვირები ფრანგულ რესტორანში

 

 

მინდოდა მეთქვა

მე რომ დავიბადე მეხუთე გოგო და

გული არ გაგისკდა მადლობა

მაგრამ როდის

ჩვენ ხომ ერთმანეთს

ერთმანეთით

უერთმანეთოდ

და საერთოდ

როდის მეთქვა

შენი ვირები ხომ ჩემზე ნაკლებად ჯიუტობდნენ

და მე რომ მრცხვენოდა სახეში შემოხედვა

მათი წყლიანი სარკვე-თვალებიდან გიყურებდი

 

მინდოდა

მე და შენ

ფრანგულ რესტორანში გვევახშმა

მაგრამ როდის

მარტო ვიჯექი და იმ ძაფის ფერს ვიხსენებდი

სოფლის კაცებმა რომ გააბით გზის კიდეზე

თოვლში დამხრჩვალი მეზობლის სულის შინ მისაყვანად

შენ გეჭირა თოკის ბოლო და მიუძღოდი

მე მეშინოდა

შემთხვევით ვინმეს ფეხი არ დაედგა

და ერთხელ ჩუმად ის ძაფი-სული ავშალე და

მდინარის პირზე ჟასმინის ხეზე დავახვიე

 

მინდოდა

იმ ფრანგული რესტორნიდან დამერეკა

ახლა მაინც და

იმსიმაღლე ხმით რომლითაც არასოდეს დაგლაპარაკებივარ

მომეკითხა შენი ვირები

საძოვარზე მიბმულები

წუხელ მგელმა რომ დაგიგლიჯა

და მეკითხა

ძაფის გამობმა ხომ არ დაგავიწყდა

მათი სულების სახლში მისაყვანად

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7