ინტერვიუ მილიარდერთან 

 

მილიარდერთან ჩავწერე ინტერვიუ.

მოწყენილი მეჩვენა:

ალბათ, არაფერი ვკითხე ისეთი,

რაც გამოიყვანდა თავისი მდიდრული მოწყენილობიდან.

ზოგჯერ ვერ იხსენებდა სრულიად უბრალო სიტყვებს და

– ღმერთო ჩემოო – ერთხელ თქვა (რუსულად);

– ვაიმე, დედაო – რამდენჯერმე.

ახლა ვფიქრობ:  ხომ არ უნდა მეკითხა დედამისზე,

უბრალო, სოფლელ ქალზე,

რომელიც ალბათ ძალიან უყვარდა და

მერე, მილიარდერი რომ გახდა,

შეიძლება, ერცხვინებოდა კიდეც მასთან ერთად გამოჩენა…

ჩემს ქვეყანაში ძირითადად ასეა:

უბრალო მშობლების გამო რცხვენიათ

და როცა ეს უბრალო მშობლები უკვდებათ,

ერთადერთი დღეა, როცა ამაყად ჩნდებიან

ძვირფას კუბოებში ჩასვენებულ „მათთან“ ერთად.

საპირველსექტემბრო სურათივითაა:

დედასთან ხელჩაკიდებულები რომ მიდიოდნენ სკოლებისკენ…

ჩემს სახლშიც მოკვდა მილიონერი შვილის მამა,

რომელიც ავად იყო და ექიმებმა ზუსტად დაუანგარიშეს დარჩენილი პერიოდი.

შვილებმა ჩემი ბინა უქირავეს – ზუსტად იმდენი ხნით და ჩემი მდგმურიც

კალენდარული სიზუსტით მოკვდა ჩემს სავარძელში.

დაკრძალვის სურათი იგივე იყო, რაც ზემოთ გიამბეთ –

მხოლოდ ერთი დეტალი დაემატა: გამოსვენება ეკლესიიდან.

მე კი ის სახლი კაპიკებში გავყიდე – იმ სავარძლიანად.

სხვათაშორის, ახლაც იყიდება –

აივანზე გადმოკიდებული წარწერა დავინახე ამასწინათ და გავიფიქრე,

კიდევ ხომ არ გამოიყენეს სიკვდილის ტერმინალად.

მილიარდერთან ინტერვიუს ვამზადებ.

სწორედ ახლა მივადექი იმ ადგილს, სადაც ამბობს,

რომ ღარიბებს ფიქრი ეზარებათ და

შევწყვიტე ფიქრი – უნდა მეკითხა თუ არა დედამისზე.

მივხვდი – მეზარება….

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7