ინსულტი კარანტინის დროს  

                     „აუცილებლად ეჩვენოს ექიმს!“ (დედის ძველი წერილიდან)

                    „ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა“ (ზ. რატიანი), 

 

მითუფრო ახლა – ავადობა ისჯება მკაცრად,

და სასჯელის ერთ-ერთი ფორმა

უცხოებში გაშიშვლებაა,

განურჩევლად ქალის და კაცის;

ნიშნავს: ძებნას უსასრულოდ ნაცნობი ნიშნის,

საგნის და ფორმის:

უიმედო მიმსგავსებით უგონოდ დაღლას.

ნიშნავს: წყალს, უცხო ხელით მიწვდილს,

ნახევრად დაღვრილს

გულისპირზე, საბნისპირზე, თვალისკიდეზე…

ნუ გახდი ავად, ვინც დედაა, ანდა მამაა,

ვინც ისედაც დიდი ხანია,

იავადა, ი-სხვაგან-ა და იმარტოვა.

შვილი ვერაფერს ვერ გახდება –

რომ ყრუ კედელი გაანგრიოს თავით და თვალით.

ვერც ქვად იქცევა, ვერ გახდება

მშობლის მშობელი.

მითუფრო ახლა. იდგება გარეთ

და მორჩილად დაიცავს კანონს:

“დიახ, ბატონო ექიმო“ და „კი, ქალბატონო”.

ჩაინიშნავს ყველა ტერმინს – სამედიცინოს,

მათ შორის – ცრუსაც,

დასჯერდება ვიდეოთვალს, დამაგრებულს მშობლის საწოლზე  –

ერთადერთ ნიშანს,

რომ კონტაქტი ჯერ კიდევ არის,

მთავარი გმირი ჯერ კიდევ დგას გადასაღებ მოედანზე

და ბოლო ანდა ბოლოსწინა როლს იმეორებს…

ნუ გახდი ავად – მითუმეტეს ავადმყოფ მშობელს _

მითუმეტეს კარანტინში, გუშინ, დღეს, ხვალ და

მთელი ის დრო, სანამ მოუწევს,

შიშვლადყოფნა უცხოებში,

საკუთარი გონიდან და სხეულიდან

თვითონაც შორსმყოფს.

ნუ გახდი ავად, ნუ გამოცდი შვილის ძალას –

ნუ დააკისრებ  რამე ისეთს,

რაზეც რჩევას ვერ ჰკითხავს მშობელს…

შვილი ასეთ დროს გაცილებით სუსტია.

შვილი  მხოლოდ იმაზე ფიქრობს: რა ქნას, როცა არავინ შემოუთვლის

მკაცრად და ხვეწნით:

“აუცილებლად ეჩვენოს ექიმს!”

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7