ბოსტნის გამოგონება

 

თუ ეს ყველაფერი სეზონურია –

ჩემი ყოფნაც, შენი ყოფნაც, ჩვენი ერთად ყოფნაც –

მოდი, გამოვიგონოთ ბოსტანი:

ყველაზე ლამაზი გეომეტრია სამკუთხედის მერე:

პარალელური მწკრივები და კვლები.

ჩავრგოთ პამიდორი – ბოსტნის დედა;

კიტრი – მამა, გაუპარსავზე მსუსხავი ხორკლებით,

შვილები – სხვადასხვა მწვანილები –

სხვადასხვანაირი გემოებით და სუნებით;

მღრღნელები თავისით გაჩნდებიან,

ისევე, როგორც მეზობლის ღობიდან შემოპარული ქათმები –

თესლების ამოსაკენკად.

საფრთხობელაც დავაყენოთ –

რიგრიგობით ჩამოვეკიდოთ ბოლო მწკრივთან აკაციის ხეზე.

აკაცია ძლიერია – გაგვიძლებს…

ასეთი მარტივია ბოსტნობანა –

ბოსტანქალაქში, ბოსტანსამყაროში;

მხოლოდ საბოსტნე მიწის მოძებნაა ძნელი:

დიდი ხანია, წყალი შეუდგა და

გამოურეცხა მინერალები,

საშოდან გამორეცხილი მიკროფლორასავით.

ესაა დასასრული:

როცა შენი მიწა

გამოგონილი ბოსტნისთვისაც აღარ გამოდგება…

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7