ლოცვა ძილის წინ

 

უნდა მეთმინა ალბათ აქამდე

რომ მერე მეთქვა რაღაც სათუო

სანოემბერო ლოცვის მსგავსი და

სალექსიკონო როგორც ასეთი

ან საზოგადოდ და სულერთია

მოვალ თუ არა წავალ თუ ვკვდები

მე შემიძლია ახლა გიტირო

და გამოვხატო ვიღაცის ნება

შენი ნებაა მოვიდეს წარღვნად

ჩემი გამშრალი და სველი თიხა

შენი ნებაა ვიყო ირიბი

ყველა სარკეში დავმალო სახე

ყველა გაზონზე გადავაბიჯო

და გიერთგულო ლეკვის თვალებით

და ხელუკუღმა გაწნული სილა

შევირგო როგორც შენი წვალება

შენი ცოფი და ძნელი ვირუსი

სადმე ქუჩაში გამოვიტირო

ან სხვათაშორის გითხრა ნახვამდის

როგორც მშვიდობით ვიდრე გინატრებ

ვიდრე ჩამყვები ძილში საღამოდ

გრძელი სინათლე და სასწაული

გამარტივდები ვიდრე იქამდე

როგორც კედელზე ხაზის გავლება

და წარღვნის მერე იქნება ყველა

და წარღვნის მერეც  ვიქნებით ორი

გამოგვიჩნდება მხრებზე სიფითრე

და ყვრიმალებზე მოლურჯო ზოლი

როგორც ვენერა ჩვენით სნეული

ვენდისპანსერის ვიცე სპიკერი

მე დაგხარბდები ყველა ღმერთივით

საღვთო პირობებს წამოგიყენებ

და სულ ერთია წახვალ თუ მოხვალ

მე გამოვხატავ ვიღაცის ნებას

ამოგიმშრალო ყველა სიმშრალე

ყველა ზარალი მოგიზღა ვნებით

შენი ნებაა ამწონ-დამწონო

და გვრემასავით გადამიარო

შენი ნებაა ამტკივდე კბილად

ანდა უკბილოდ გამოგიგონო

როგორც სინათლე და სასწაული

და ხელუკუღმა გაწნული სილა

ჩემი ნებაა წავიდე დღესვე

იმ სიშორეში ტალახი ვზილო

ბავშვობას ვუცხო ხმელი ხმიადი

და სალოცავში გავყვე გზაშარას

გავიმეორო ასე შემთხვევით

და დახარბებით რა შემეშალა

რომ შეგემთხვიე როგორც ვენერა 

აგზილე როგორც ტალახში სისხლი

რა შემეშალა ყრუა ტაძარი

და თვალდათხრილი ღმერთივით გიხმობ.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7