ძველი სიყვარული

 

მეც ვაღიარე ძველი სიყვარული

როგორც დაწნული და გამომშრალი გვირგვინი,

რომელსაც კარადის თავზე ვინახავ,

ვაღიარე, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს,

რა მტვერიც არ უნდა დაედოს ,

თვალს მაინც ყოველთვის გავაპარებ მისკენ.

ის კი შეიძლება ამიჯანყდეს,

დალაგებული სული არივ-დარიოს,

შეიძლება ზურგი შემაქციოს,

ისე, როგორც ქალებმა ვიცით,

როცა შეყვარებულს ვებუტებით,

კისერიც გადასწიოს

შესარიგებელი კოცნის მოლოდინში,-

ქალებმა რომ ვიცით, ზუსტად ისე!

 

შეიძლება ძაღლივით გამიწვეს ფეხებთან,

და დამარხულ ერთგულებაზე კუდის ქიცინით  მომიყვეს,

შეიძლება საერთოდ ვერ მიცნოს,

უაზროდ მომაშტერდეს მკერდზე  და მკლავებზე

და ცხოვრებასთან ფლირტაობა გააგრძელოს.

 

მე კი ფურცელში ჩავრგო თავი

და მივწერო ძველ მეგობარს

რომ ისეთი ლამაზია ჩემი კარადა,

და ამ კარადაზე შემოსკუპებული

გამხმარი გვირგვინი, რომ

სულ არ მადარდებს,

თუ ოცი წლის წინანდლმა ყვავილებმა

სუნი დაკარგეს,

მივწერო, რომ სხვა ხიბლია,-

გახუნებულის გაფერადებაზე ფიქრობდე,

გარდაცვლილის გაცოცხლება წარმოიდგინო,

დაკარგულის პოვნაზე წაიოცნებო.

სხვა ხიბლია, არ იყოს და მაინც გჯეროდეს!

 

 

1 2 3 4 5