ვარსკვლავები

 

ჩემი საბჭოთა მომავალი სავსე იყო ვარსკვლავებით

და ძილის წინ, როცა თვალებს ვხუჭავდი,

ოცნებებში ვხაზავდი რუკას ,

და ქვეყნებს, მე რომ მიზიდავდა,

დიდ ვარსკვლავებს ვახატავდი,

და ვოცნებობდი,

ამ ქვეყნებში გამეღწია მოსკოვის გავლით

და მჯეროდა, რომ ყველა გზა მიდიოდა მოსკოვამდე

და მხოლოდ მერე იწყებოდა თავისუფლება.

 

მაგრამ უცებ აყირავდა რეალობა

და ბერლინის კედელთან აღმოვჩნდი.

გაფართოებული თვალებით ვიდექი კედლის წინ და

გულში ვიმეორებდი ბრეხტის პოლიტიკურ ლექსებს,

და ვფიქრობდი მის სეჩუანელ კეთილ ადამიანებზე,

რომელთა ბრძნული აზრები

ბერლინის კედლის ორივე მხარეს აჩრდილებად ეკიდა.

 

და ვფიქრობდი ბორშერტის ჯარისკაცზე

რომელმაც მოსკოვიდან ბერლინამდე

და ბერლინიდან ჰამბურგამდე

ზურგით ატარა

ყველა მოკლულის და ყველა დამარცხებულის  დარდი,

რომელმაც ყველა დაობლებულის ცრემლი ატარა,

რომელმაც  ყველა ბრმად მოკლულის სისხლი ატარა

და მტვრიან ნაფეხურებად დატოვა ბერლინში.

 

ჰოდა ახლა, როცა ჩემი კრემისფერი სკოლის შენობიდან

ვარსკვლავებით განათებული ბავშვობა გამოძვრება,

ისევ მრგვალი წრე იკვრება მოსკოვის გარშემო,

ქალაქის, რომელიც ოცდაათი წელია, არ მინახავს

და რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან შეიცვალა,

მაგრამ მაინც ძველ ვარსკვლავებს ეთამაშება.

 

 

1 2 3 4 5