კედლის ჩამონატეხი

 

ვიცი, ხანდახან თითის წვერებზე დგები,

რომ ჩემს ცხოვრებაში ჩამოიჭყიტო,

მაგრამ ამას არ მაგრძნობინებ.

ვიცი, გულის ყურით მათვალიერებ,

როგორ მკიდია გულზე ლოდი

და როგორ დავდივარ ამაყი და დამძიმებული.

შეგიძლია რომ ამ კედელს გადმოაბიჯო,

მოხვიდე და მითხრა:

-„გამარჯობა მეგობარო,

მე შენი სახე აღარ მომწონს,

მე შენი დარდი აღარ მომწონს,

და ეს ქვაც,

გულზე რომ გკიდია ჯვრის მაგივრად,

მარტო შენი ქვა არ არის,

იმ კედლის ჩამონატეხია,

რომელიც მე ჩვენს შორის ავაშენე.

 

და ეს ქვა, გულზე რომ გკიდია,

ყველა ქვაზე მეტად ჰგავს სიზიფეს ქვას,

უხილავად ყოველდღე გულამდე მიცოცავს

და მერე ისევ დაბლა ეშვება…

მოდი, ამ ქვას ერთად შევეჭიდოთ,

ჩემი ბრალიცაა ასე რომ დამძიმდა,

ასე რომ გვაფორიაქებს ორივეს და

გაურკვევლობის უფსკრულისკენ მიგვაქვანებს…“

 

მაგრამ შენ უკან ბრუნდები,

ფეხის თითებს მტვერში ურევ,

ფიქრობ, ფიქრობ,მერე გულზე ხელს იდებ და

კედელს უხმოდ, ზურგით ეყრდნობი.

 

 

1 2 3 4 5