ამბები წარსულიდან

 

-„რად მინდოდა ამდენი კაბა,

თანაც ყველა შავი და სადა,-

ვბრაზობ საკუთარ თავზე,-

ერთი ყვავილებიანი კაბა მაინც მეყიდა,

შარფებზე ფიქრში დროს აღარ დავკარგავდი,

უბრალოდ ჩავიცვამდი და გულს გავიხარებდი სარკის წინ,

ან ქუჩაში ვინმეს შეშურდებოდა

ჩემი ყვავილებადქცეული კავკასიური მიმზიდველობა!

ევროპაში ფერები და სილაღე უყვართ!

მე კი შავი ფერის პრაქტიკული მნიშვნელობა

ოთხმოცდაათიან წლებში ვისწავლე,

მაშინ, როცა ნაომარ ქუჩებში მტვერი იყო და

შავი ჭუჭყისამტან ფერად ითვლებოდა,

მაშინ, როცა შავი კაბებიდან

ბუნებრივად ანათებდა ქართული სილამაზე.

მეც  ვერ გადავეჩვიე ბუნებრივ  სილამაზეზე ფიქრს,

თმასაც ისევ შავად ვიღებავ, საკუთარ თავს არ ვღალატობ,

ოთხმოცდაათიანი წლები ჩრდილივით დამდევს უკან,

არ ყოფილა ადვილი თავისუფლება წარსულის გარეშე.

მე ვერ შევძელი. მე ამ სადა გემოვნებით

ჩემი თაობის დარდებს ვაგრძელებ.

სარეცხის თოკზე კი ფრიალებენ ამბები წარსულიდან,

უფერო მაქმანებად აკრულები კაბებზე.

 

 

27 სექტემბერი. დუმილი მოყოლილ ამბავზე.

 

ჰ. გ.ს.

 

…„დიდი ხნის წინათ, ოთხმოციან წლების ბოლოს

საბჭოეთის მწერალთა დიდ სიმპოზიუმზე

მეც მიმიწვიეს,-ავტორი კაპიტალისტური სამყაროდან,-

ბიჭვინთაში ვცხოვრობდით და

აფხაზეთიდან ბევრი ჭრელი მოგონება წამოვიყოლე,

მაგალითად სოხუმის ცენტრში შეკრებილი ხალხის მასა

დროშებით ხელში , თანხმოვნებით სავსე მოკლე შეძახილებით

ჩამრჩა ხსოვნაში.უცნაურად, ვერ გავიაზრე რა ხდებოდა,

 მაგრამ მერე, როცა თქვენთან ომმა იფეთქა,

გამახსენდა ეს კადრები და თანხმოვნები…

რა ლამაზი მხარე იყო აფხაზეთი,

განსაკუთრებით სანაპირო სოხუმის ცენტრში

პალმებზე ჩამოკიდებული მზეებით…“

 

-მიყვება მშვიდად  კიოლნელი პოეტი ქალი

რომელიც მხოლოდ ერთხელ იყო კავკასიაში.

მიყვება მშვიდად. გერმანული ძველი სულიდან

ალაგებს ამბებს უცეცხლოდ და უემოციოდ…

ფესტივალზე ვართ. გიოტინგენის ლიტფესტივალზე.

სექტემბერია. მზე ანათებს. ერთად ვსადილობთ

ძველი რესტორნის ტერასაზე. გრძელ ტერასაზე.

ვუკვეთავთ სალათს ქათმის ხორცით და წითელ ღვინოს,

მშრალს და გემრიელს, იტალიურს, მზეებით სავსეს.

ალბათ ამ ღვინის ბრალია რომ მის მოგონებებს

მის ძველ საბჭოურ მოგონებებს მზე ახვევია…

 

მე კი აბა რა ვუპასუხო:

-მართლა? -ვიოცებ,

და ენის წვერზე მადგას რომ დღეს  27  სექტემბერია,

რომ დღეს ჩვენი დამარცხების სექტემბერია,

მაგრამ არ მიყვარს საუბარი დამარცხებებზე

და ვყლაპავ სიტყვას, ენის წვერზე უიღბლოდ მომდგარს.

მაგრამ  ეს რიცხვი 27 ჩამდის ფილტვებში,

მიდნება ცხელი ტყვიასავით და დაუნდობლად

აღვიძებს ჩემში 27 წლის წინანდელ ხველას,

რომელიც უნივერსიტეტის ბაღში,

პეტრე მელიქიშვილის ძეგლთან აგვივარდა

მე და ჩემს კურსელებს,

როცა გავიგეთ რომ სოხუმი დაეცა!

 ჩვენ გვეცვა იმ დღეს დახეული  ჯინსები

(მეტი მაინც არაფერი იშოვებოდა იმ დროს),

ვიყავით შემოდგომისფრად ლამაზები და სევდიანები და

ვაზივით ვეხვეოდით ერთმანეთს,

და ვაზივით ვტიროდით

რომ ვერ გადავარჩინეთ აფხაზეთი,

რომ აფხაზეთი

ახალგაზრდულად გულუბრყვილო ხელებში ჩაგვაკვდა !

 

 

 

1 2 3 4 5