ნაგვის ყუთი

 

-ნეტავ არ დაღამდეს,-ვამბობ,

ეს დღე არაფრისთვის არ მეყო,

არც ადამიანად ყოფნისთვის,

არც ნაგვის ყუთად ყოფნისთვის,

არც ამბების გადახარისხებისთვის ნაგვის ყუთში,

არც სიყვარულის დახარისხებისთვის სამყაროში,

რომელიც უცნაურმა,

მუტაციაგავლილმა ვირუსებმა შეჭამა!

 

რა ვქნა, როგორ ამოვავსო

ეს ფუჭადჩავლილი წუთები კარგი ამბებით,

როგორ ჩავბერო ახალი სიცოცხლე

უკვე მკვდრადქცეულ რეალობას,

სხვანაირი სუნთქვა მაინც შემეძლოს,

ჰაერთან სხვანაირად ურთიერთობა!

 

…ნეტავ შემეძლოს და

ღამეს გადავწევდი ფარდასავით,

ან გავწევდი მაგიდასავით,

და დღის ცხოვრებას გავაგრძელებდი.

რა კარგი იქნებოდა,

დღე-ღამის მართვა რომ შეგვეძლოს ადამიანებს,

და საერთოდ, მართვა რომ შეგვეძლოს

ბედისწერების და ამბების!

 

რა კარგი იქნებოდა…

ასე სასოწარკვეთილები ხომ არ ვიდგებოდით

დღე-ღამის გასაყართან,

სიცარიელით სავსე ნაგვის ყუთებივით.

1 2 3 4 5