ოცდამეხუთე კადრი

გზები, რომლებისაც გუშინ გეიმედებოდა
დღეს ჩიხებად იქცნენ.
და ჩვენი მომავალიც ისე იზიდავს კითხვის ნიშნებს
როგორც ჰიფსტერების ჩაცმულობა პატრულის ეკიპაჟს
როცა სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ უსამართლობის გრძნობა ყოველდღიური რუტინა გახდეს
და შენი ოთახი საპყრობილეა, რადგან ქალაქის ყველა ქუჩა ცარიელი,
როცა შენ გჭირდება დახმარება
რადგან ხვალინდელი დღის შიში სპობს ყველანაირ სურვილს.
და შენ გიჭირს, გიყვარდე ისე , როგორც ეს ადრე იყო.

სად გაქრა ჟინი, რომელსაც შეეძლო დაღლილი სხეულის თრევა
სად გაქრნენ მეგობრები, რომელიც არასოდეს გყოლია
სად გაქრა ტკივილი, რომელიც ძალას გმატებდა
და გიბიძგებდა, არ გაჩერებულიყავი.
რადგან არ უნდა გაჩერდე,
საკუთარ სხეულს ქეჩოში უნდა წაავლო
და პერსპექტივების მორევში უკრა თავი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჰიპოთეტური თეორიები ცხოვრების შესახებ
ისევე დაშორებულია რეალობას,
როგორც ვიქტორ ცოის ტექსტების ლირიკული გმირი
და ჩვენ კრებითი მამა.
მამა, რომელიც ყოველთვის მართალია.
მამა, რომელიც ყოველთვის მაღალია.
და სად არიან მამები, მამები სად არიან ?!

როცა შიში
ყოველ ღამე იღვიძებს ჩემში
და ახელს თვალებს
და იკავებს სხეულის უმეტეს ნაწილს
და მე ვხედავ სიზმრებს, სადაც გკარგავ
და ვკარგავ ძალას,
და ეს მერამდენედ ვექცევი ჩაკეტილ წრეში
და ჩაკეტილი წრე, არ არის რიგითი მეტაფორა
არამედ უმთავრესი მეტაფორაა,
რეფრენია
ლაითმოტივი, რომლთიც ვხსნი პოეზიის აუცილებლობას.

ეს არის ლექსი, რომელიც აუცილებლად უნდა დამეწერა
რომელსაც ყოველთვის ვწერ,
რადგან ეს ჩემს დეენემშია, რომელშიც თვითიდენტიფიკაციას ვახდენ.
მუდამ მასზე ვფიქრობ
მაშინაც კი როცა შენზე ვფიქრობ
ან მარკეტში გავდივარ პროდუქტის საყიდლად
როცა პარლამენტის რიგით სხდომას ვუყურებ
მაშინაც კი, როცა სიზმარში დაკარგულ მეგობარს ვეძებ,
რომელიც არასოდეს მყოლია
და მაშინაც, როცა საერთოდ არ მაქვს სურვილი რაიმეს დაწერის.

1 2 3 4 5 6