ალბათობა

                                           წერილი დედას

 

როცა ვწერ
მხოლოდ მაშინ შემიძლია ვიყო ის, ვინც მინდა
ან რასაც იმ წუთებში გამოვრჩები საკუთარ თავს
რადგან რთულია იყო კმაყოფილი
რთულია იყო კმაყოფილი საკუთარი თავით
ო, როგორ მშურს ქართველი პოეტების
ო, როგორ მშურს ქართველი პოლიტიკოსების
ო, როგორ მშურდა ჩემი კურსელების
ამაყი და საკუთარ ფუტურო თავში დარწმუნებული
სახეების ყურება
ისინი იყვნენ ისინი
და მაინც ახერხებდნენ ყოფილიყვნენ ბედნიერები.

მე კი ბედნიერება ხელიდან მისხლტებოდა
და სიხარული ხელიდან მისხლტებოდა
და მიწა ფეხქვეშ მისკდებოდა.
სანამ რამეს დავწერდი.
და ეს ასე იყო ყოველთვის
და დარწმუნებული ვარ ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

მე სამწუხაროდ პოეტი ვარ
დედა,
ეს პათეტიკურად ჟღერს
და უფრო მოსაწყენად გამოიყურება
მაგრამ ეს ასეა.
არ ვაპირებ ჩემი პირველი ჩვენების შეცვლას
რომელიც მეათე კლასში დავწერე.

შენ ერთხელ მითხარი
რომ პოეზია ეს უკვე ნიშნავს ტრაგედიას
ადამიანის ტრაგიკულ ბედს
ბევრ სევდას და ცოტა სიხარულს
და მაშინ პირველად, მივხვდი
რომ პოეზია ზუსტად ისაა, რაც მჭირდება.
ეს ისაა, რაშიც მოვახდენდი ჩემი მომავალი პიროვნების
თვითიდენთიფიკაციას.

დედა, მე ხომ უპირობოდ ვიღებ თამაშის ყველა წესს,
რაც არ უნდა სავალალო აღმოჩნდეს შედეგები.
და დინებასაც მკვდარი თევზივით მივყვები,
მე პოეტი-ეგზისტენციალისტი ვარ
და სხვანაირად ვერაფერს დავწერ.
არ გამომივა, რადგან პოეზია
ეს უკვე ნიშნავს დამარცხებას
და არა მხოლოდ ერთს
დამარცხებების მთელ ციკლს.

და ამიტომაც გამარჯვებების პედესტალიდან ვერასოდეს იციმციმებს
ჩემი გამხდარი და ამბიციებით სავსე სხეული.
რადგან ეს ბანალურია,
მოსაწყენია,
შაბლონურია
ასევე უდავო შემოქმედებითი ფრუსტრაციის გარანტიას იძლევა.
თან სარგებელიც არ მოაქვს,
ამ გზით კარგი ლექსები არ დაიწერება
და რა საჭიროა გზა, რომელიც ლექსამდე არ მიდის ?
რა საჭროა გზა,
რომელსაც ზედმიწევნით ზუსტ დანიშნულების პუნქტამდე მივყავართ ?

1 2 3 4 5 6