მიმართულება

I

მე არასდროს ვწერ ლექსს, სანამ აღმნიშვნელი სიტყვები
ზუსტად არ გამოხატავენ აღსანიშნ მნიშვნელობებს.
შენ მაძლევ ძალას და მიჩენ იმედს,
რომ ვწერო მორიგი ლექსი და შევინარჩუნო სურვილი
რომ ვიყო იმაზე მეტი, ვიდრე ვარ
და მშვიდად მოვთავსდე საკუთარ თავში
და ვეძიო ავთენტური სიტყვები, საკუთარი მნიშვნელობების გასაზრდელად.

პოეზია რუტინის ღრიჭოებიდან სამყაროს ყურებაა.
დიდი ხანია, ამას შევეგუე და ეს როლი გავითავისე
და საკუთარი არჩეული გზის სისწორეში დარწმუნებული
იმ გარდაუვალ უფსკრულებზე ვფიქრობ,
რომელსაც ვერაფრით ავირიდებ.
მე ეს მომწონს
და დაუფიქრებლად ვიღებ ყველა შესაძლო ტკივილსა და იმედგაცრუებას.
სხეულსა და გონებაში ვუშვებ მომწამვლელი გაზებივით
და ველოდები, როდის გაიჟღინთება სევდით მთელი სხეული.
მე ეს მჭირდება, როგორც შენი ყოველდღიური სიყვარული.

მე ვცდილობ, მოვიხელთო დრო
და უფრო საკუთარი თავი,
რათა ლექსები გაჩდნენ, როგორც ბედნიერების ფლუიდები შენი კოცნის პირდაპირ პროპორციულად ჩემს დაღლილ სხეულში.

მე ვაანალიზებ, რომ ტკივილი ერთადერთი გამოსავალია,
თუმცა ყოველთვის მიჭირდა შეცდომებიდან დასკვნები გამომეტანა
და შედეგებიდან – მიზეზები,
თუმცა ყოველთვის ვიცოდი,
რომ გზა ლექსიდან ლექსამდე
მხოლოდ იმედგაცრუებების გრძელ უღელტეხილზე გადის.

პოეზიით ინფიცირებულია ჩემი სხეული
და ყოველდღიურად მეტასტაზებივით ვრცელდება და ვრცელდება
როგორც შენი სიყვარული,
რომელიც ჩვენი რუტინად ქცეული დამარცხებების მიუხედავად
მუდმივად გვახსენებს ერთმანეთს.

II

ის შიშები, რომლებიც გადავლახეთ
ჩვენში აგრძელებენ არსებობას იმ საჭირო დრომდე,
როცა მოგონებების არქივებიდან გამოძვრებიან
და გეომეტრიული პროგრესიით გამრავლდებიან,
აითვისებენ თითოეულ უჯრედს,
რაც თავის მხრივ განაპირობებს გაურკვევლობების მოზღვავებას
და სწორი გადაწყვეტილებების მიღების სიმცირეს.

თუმცა ჩვენ განვაგრძობთ შემხვედრ სხეულებთან ურთიერთობას
და ძებნას საკუთარი, ყველაზე სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობების,
რადგან სხვა ალტერნატივა არც არსებობს.
გზა უკან წარსულის მოგონებებმა და შეცდომებმა ჩახერგეს
და ახლა მხოლოდ წინ სიარული შეიძლება.
და მეც მწყობრი ნაბიჯებით მივიწევ წინ
რადგან ეს ასეც უნდა ყოფილიყო
რადგან ეს ასეც არის.

P.S
მე მჯერა ბედისწერის და შენი სიტყვების
მაშინაც კი, როცა მეუბნები, რომ გიყვარვარ
და ამ ყველაზე გაცვეთილ სიტყვაში
მე ვხედავ მისი მნიშვნელობის სიძლიერეს,
რომელსაც შეუძლია, გაგვხადოს უფრო კეთილები
და გაზაფხული იყოს უფრო გაზაფხული,
ან თუნდაც დავწერო ეს ლექსი,
როგორც გადარჩენის მორიგი მცდელობა.

 

1 2 3 4 5 6