შუაღამის პური

 

თვალი ბებიაშენს ძველებურად უჭრის, უსათვალოდ

კითხულობს ფერადყდიან ყვითელ ჟურნალებს,

წლობით ნაგროვები, მეზობლის ქალმა რომ

კიბის ბაქანზე დაახვავა. ეზოში, სანაგვე ურნასთან,

ჩატანაც დაეზარა. ბებიაშენმა კი შინ შემოზიდა.

არათუ ფერად ყდებზე გამოტანილი სკანდალები,

იმ სკანდალების მოქმედ პირთა სრული უმეტესობა

აღარავის ახსოვს. დარჩნენ სამუდამოდ წარსულში,

სადაც მთავარი გასართობი მათი ცხოვრებისთვის

თვალ-ყურის მიდევნება, და მათი უგემოვნო

სიმღერების მოსმენა იყო. იმდენი ჟურნალია, მოხუცს

თავის შესაქცევად ეყოფა სიკვდილამდე.

 

ადვილი არ არის, ყოველდღე, მეთორმეტე სართულზე

ამოსვლა, ლიფტი დიდი ხანია, არ მუშაობს.

ქუჩის გადაღმა, ასოცდამერაღაცე სკოლაში,

საკლასო ოთახებს როცა დაალაგებს, ყველა საქმის

მოლევას ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ ჩასვლა

არ მოუხდეს. ლიფტის შეკეთებას წლებია, ჰპირდებიან.

 

მათი დაპირების ისევე არ სჯერა, როგორც – თქვენი.

ვერც გაამტყუნებ. მოხუცის და ბავშვის მოტყუება

რა დიდი ამბავია?! სინდისის ქენჯნასაც კი არ გრძნობ.

და თქვენც ატყუებთ, რომ მალე ჩამოხვალთ. შენი და

საზღვარგარეთ მაინც ცხოვრობს, შენ კი, აქვე,

ზღვისპირა ქალაქში ხარ, თვეში ერთხელ, რამდენიმე

საათს ვერ იმეტებ – ჩამოხვიდე და ინახულო.

 

თურქული სერიალის ერთ მსახიობს შენ გამგვანებს,

ამიტომ უყვარს ის სერიალი სხვებზე მეტად,

ცდილობს, რომელიმე შენს დასაც მიამგვანოს,

არის რამდენიმე კანდიდატი, ერთია და –

თვალებით ჰგავს; მეორე – ყვრიმალებით; მესამე კი –

ცხვირით. საბოლოოდ, სხვა და სხვა სერიალში

მიმობნეული შენი დის ნაკვთები,

ყველა მათგანის ყურების საბაბია.

 

ფანჯრიდან ვხედავ ხოლმე, რომ ზის სარწეველა

სავარძელში, მოზრდილ აივანზე, საიდანაც

ჩანს სასაფლაო, ახლოს კი – მიუსაფარ ბავშვთა სახლი.

სულ მალე აღდგომაა. იქაური ბავშვები

შეესევიან საფლავებზე დახვავებულ კვერცხებს და

ტკბილეულს, და ტომრებით შინ მოზიდავენ.

 

წარმოიდგენს, მისი საფლავიდან აღებული

ნუგბარით ვიღაც როგორ პურდება, მთელ სხეულში

თბილი ჟრუანტელი დაუვლის, მთლიანად გადაფარავს

სიკვდილზე ფიქრით მოგვრილ ცივ ჟრუანტელს.

არა, არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი,

არა, არ არსებობს უფრო საჭირო,

არა, არ ასებობს უფრო დიდი ბედნიერება,

ვიდრე იმის გააზრება, რომ იქიდანაც სხვებს დაეხმარები.

 

მაგრამ ამ ტკბილი ოცნების ჭერიდან, წვიმასავით,

მოწვეთავს ეჭვი: ცოცხალი აღარავის ახსოვს და

მკვდარს ვინ მოიკითხავს?! იღებს ტელეფონს, გირეკავს,

უთიშავ, თათბირზე ხარ. ისევ რეკავს. გადი ოთახიდან,

გადი, თუ ბიჭი ხარ,

გადი, თუ კაცი ხარ,

გადი, თუ ღმერთი გწამს! გადი და გააგონე!

და რომ გეტყვის:

” – ბებო, ჩემს საფლავზე, ყოველ აღდგომას,

კვერცხები და ტკბილეული მოიტანეო, “

არაფერი ჰკითხო, არც გაიკვირვო.

უბრალოდ, უპასუხე: ” – კი!”

 

” – კი!” – ერთადერთი, ეს ერთადერთი სიტყვა,

წარმოსათქმელი მოკლედ და მარტივად, როგორც “ამინ” –

ურყევი დასტური (ასეულობით კილომეტრის

მიღმიდან მოღწეული, ფიჭური სიგნალით),

რომელსაც შეუძლია საოცრების მოხდენა:

მოხუცს, არა – გლოვის და არა – ტკივილის,

არამედ სიხარულის ცრემლები მოჰგვაროს.

 

გული, ბებიაშენის სათვალესავით, უსარგებლო

ნივთი არ არის, რომელიც, წესით, უნდა გჭირდებოდეს,

მაგრამ არ გჭირდება, თუმცა მაინც უვლი და

უფრთხილდები, რადგან შვილიშვილმა გაჩუქა…

გული ფუტლარიდან ამოიღე და გამოიყენე.

 

გამოიყენე ხშირად, გამოიყენე!

თორემ იცი, რაზე ფიქრობს საწყალი მოხუცი?!

უნდა, რომ კედლის საათს მოამტვრიოს ისრები

და დროს ისე ეტკინოს, გაჩერდეს, სიმწრისგან

წამები და წუთები ნაპერწკლებივით გაყაროს.

 

იცი, რაზე ფიქრობს?! შენს სალაშქრო ნივთებში,

კომპასი იპოვოს, და მასაც ფოსფორული

ისრები მოამტვრიოს, და სივრცეს ისე ეტკინება,

რომ ოთხბალიანი მიწისძვრა შეაჟრჟოლებს,

და მკვდრებს მიწა გამოდევნის თავისი წიაღიდან,

როგორც შერჭობილ ხიწვს – ორგანიზმი.

და აღმდგარი მკვდრები მიუსაფარ ბავშვებს

თვითონვე მიუტანენ ტკბილეულს და თავიანთ

მკერდზე გადაგორებულ კვერცხებსაც დაურტყამენ.

 

გამოიყენე გული, გამოიყენე!

თორემ იცი, რაზე დარდობს საწყალი მოხუცი?!

იმ თავის ყვითელ ჟურნალში წაიკითხა, რომ ძირს

დაგდებულ საღეჭ რეზინს მტრედი ყლაპავს და

იხრჩობა. მას შემდეგ სულ ქვევით იყურება

და რამე თეთრს თუ ნახავს, იმ წამსვე აიღებს

და გაახვევს ხელსახოცში. ზოგჯერ კენჭი ხვდება,

უფრო ხშირად – ავტობუსის დაკუჭული ბილეთი.

 

პრევენციულ-აღმზრდელობით ზომებსაც მიმართავს:

პარკში ან სკოლაში თავშეყრილ ბავშვებს თხოვს,

რომ კევი ძირს აღარ დააგდონ. ბავშვები კი

საფეთქელთან საჩვენებელ თითს იტრიალებენ.

 

გამოიყენე გული, გამოიყენე!

მოუხმე სინდისს, მოუხმე!

დაურეკე, და უთხარი, რომ ეს სისულელეა. ან, იქნებ,

მართალიცაა, მაგრამ შენ მაინც უთხარი, დაგიჯერებს.

თუ მართალია, განა მტრედებზე არ ვწუხვარ?!

უბრალოდ, არ მინდა, მას ვინმე დასცინოდეს.

 

თუ ტყუილია, მტრედებზე არც ყოფილა საწუხარი,

და, მითუმეტეს, არ მინდა ტყუილად დასცინონ.

არც შენ და არც შენმა დამ ისიც არ იცით, ბებიათქვენს

როგორ პანიკურად ეშინია უპურობის.

ხდება ხანდახან: დაავიწყდება პურის ყიდვა.

ცოტას ჭამს, იშვიათად შივდება, და მხოლოდ

შემთხვევით თუ აღმოაჩენს, რომ საპურე

ცარიელია. დღისით არაუშავს, მაგრამ თუ ღამეა,

ჭკუიდან იშლება, და მეზობელ კვარტალში,

სადღეღამისო მარკეტში გარბის ხოლმე.

არც წააციცქნის, ხელუხლებლად შეინახავს

და მშვიდად დაწვება, თითქოს შენ სტუმრებოდე.

 

ალბათ, ამ ყველაფერს გაამარტივებ და იტყვი,

რომ უპურობის შიში სიბერის ნიშანია.

მე კი გეტყვი, რომ შენ ცდები, მეგობარო:

უპურობის შიში მარტოობას ნიშნავს.

1 2 3 4 5