სანამ რიგი მოგვიწევდა, ეკლესიაში

სანთელი დავანთე, თან მღვდელი ვიკითხე – იყო

(ადრე, რამდენჯერმე, მოვედი, და არ დამხვდა),

ირინას ნაჩუქარი ჯვარი ვაკურთხებინე,

ბოლოს, ხელზე სამთხვევად რომ გავიწიე, არ

დამანება, მის მიმართ სიმპათიით განვეწყვე,

მაგრამ, სენაკთან როცა დავბრუნდი, სულ მალე ისეთი

მანქანით ჩაგვიარა, – ვერ გაეტია, გზა დავუთმეთ, –

სიმპათია წამსვე გამიქრა, სხვების თვალებშიც

კარგი არაფერი იკითხებოდა. ” – რაში სჭირდებაო?! ” –

ჩურჩულით იკითხა ვიღაცამ, უფრო თავის თავს ჰკითხა.

 

აგერ ბიჭი, ნარკოტიკთან პრობლემები აქვს,

თუმცა თავგანწირვით იბრძვის, თავგანწირვა

დედა ანამ დაუფასა და ამ ყვავილნარის

მოვლა ევალება. ხშირად დადის, დალოცვის შემდეგ,

ყვავილებს დახედავს. წეღან, იქ შესული

რომ დამინახა, ზრდილობიანად მთხოვა

გამოსვლა, რა თქმა უნდა, დავემორჩილე.

მოკირწყლული ბილიკის ბოლოს, ზედ ხრამის თავზე,

ორანჟერეა შენდება, კუთხოვანი რკინებისგან

შეკრული ჩონჩხი დგას. სილის და ხრეშის გორებთან,

ატმის ხეზე, მყარი შუშები მიუყუდებიათ.

 

სენაკის კარის გასწვრივ წელში შეღუნულა ფიჭვი,

ისე უცნაურად, თითქოს ალუმინის მავთულია და

ვიღაცამ ხელით ქნა. ნამდვილად კი, როგორც გავიგე,

სენაკიდან გამოსული, უარყოფითი,

ენერგია აწვება. ტოტებზე რკინის ჯვრები

ჰკიდია. დავფიქრდი: ჩემგან განდევნილმა ენერგიამ

რამდენი მილიმეტრით შეწია?! ვაკვირდები,

თუმცა რას გავიგებ. ერთხელ, სანამ შევიდოდი,

ყური მოვკარი, დედა ანამ ვიღაცას რომ უთხრა:

” – არავინ იცის, აქ ისეთი ამბები ტრიალებსო!”

მას შემდეგ, რა გითხრათ, კართან არ ვგდები ხოლმე.

 

აგერ გოგო, შვილი არ უჩნდება, მოასწავლეს.

პირველადაა, დედამთილი ახლავს. ეგრევე შეატყობ,

როგორ ნერვიულობს, ადგილობრივ კატებს ფუნთუშის

ნაფხვენები დაუყარა, ფოტოები გადაუღო.

თითქოს მონდომებით ცდილობს დაგვანახოს,

რომ აქ ამოსვლაზე სულაც არაა დამოკიდებული

მისი მომავალი. არადა, პირიქით ჩანს: ყველა

ჩვენგანზე მეტად სჯერა. მე ეს მიხარია,

და ცოტა მშურს კიდეც მისი ამოდენა რწმენის.

და ჩემთვის ვფიქრობ: „ დაე, გაუჩნდეს, ღმერთო,

რამდენსაც მოისურვებს, ზუსტად იმდენი შვილი.“

ისევ აქ ვარ, არ მახსოვს, მერამდენედ ამოვედი.

 

 

 

რა კარგი ქენი

 

შენს წინაშე თავს ვგრძნობ მუდმივად დამნაშავედ:

როცა ვზივარ, როცა ვწევარ, როცა დავდივარ,

როცა ვწერ და როცა ვკითხულობ, მაშინაც, როცა

ფილმს ვუყურებ, ან, როცა საყვარელ ქალს ვეფერები,

და ის ქალი კარგა ხანია აღარაა დედაშენი,

დედაშენსაც ცალკე ბუდე აქვს, თავისთვისაა.

შენ კი არ იცი სად არის შენი ადგილი,

შენ არ იცი საით წახვიდე, ვის შეეკედლო,

მაშინ, როცა შენს ყველა მეგობარს აქვს ერთი სახლი,

და ყოველთვის იმ ერთ სახლში მიეჩქარებათ.

 

როგორც მამა, დამნაშავე ვარ, რომ ასე ადრე,

ასე ერთბაშად, იგემე ცხოვრების სიმწარე, რომელიც

ნელნელა და დოზირებულად უნდა გეგემა.

ვაღიარებ: დამნაშავე ვარ და დანაშაულს

ვეღარასდროს გამოვისყიდი, თუნდაც ას წლამდე

ვიცოცხლო და ვინანიო უნებლიე დანაშაული,

გიწერო ლექსები და იმ ლექსებში ძველებურად

დაგიძახო “ცარცის გოგონა”, და მოგეწონოს,

როგორც მოგწონს… მიუხედავად ყველაფრისა:

რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

1 2 3 4 5