იყო ბავშვი, უფრო სწორედ, ჯერ კიდევ ნაყოფი,

მუცელშივე რომ გასრისეს, მზეც ვერ იხილა.

დედამისის საშვილოსნოდან გულმოდგინედ გამოწმინდეს

მისი თოთო ნარჩენები და, საბოლოოდ,

სისხლით მოთხვრილ ბინტებთან ერთად,

სანიტარმა ნაგვის ურნაში გადაუძახა.

სქესი არ ჰქონდა. არც სახელი რქმევია და არც უძებნიათ,

რადგან ჩასახვის წამიდანვე, უბრალოდ, გაწირეს.

აბორტის შემდეგ დედას სიცხემ აუწია. ასე დამთავრდა…

რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

 

კიდევ იყო უწლო ბავშვი, ორიოდე დღის,

სახელი მარჯვენა ხელზე მიბმულ ქაღალდის ნაგლეჯზე

წაეწერათ, მერე, რატომღაც, წაეშალათ და

არაფერი გაირჩეოდა. ნოემბრის ღრუბლიან

დილით მგზავრმა გაყინული იპოვა გაჩერებასთან.

ბიჭი გამოდგა – სახელიანი უსახელო. მზე კი იხილა,

თუმცა – სულ ცოტა ხნით. დამტოვებლის იმედი, რომ ბავშვს

იპოვნიდნენ, გამართლდა, მაგრამ – დაგვიანებით.

ცოტა ადრე გამოსულიყო მგზავრი სახლიდან…

რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

 

თაკოც ნახე: ერთი წლის იყო. გარეუბანში,

მუყაოსგან და თუნუქის ფურცლებისგან შეკრულ ქოხში,

ლოგინად ჩავარდნილ ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

ზოგჯერ ვინმე, გზის გაღმა მდგარი კორპუსიდან,

რამე საჭმელს თუ მიაწვდიდა ბებია-შვილიშვილს,

თან, ჭუჭყიან ჩვრებში გახვეულ და ატირებულ

ბავშვს უგულოდ მიეფერებოდა. ეს, მხოლოდ, ზოგჯერ.

სანამ მათთვის სახელმწიფომ მოიცალა,

შიმშილით მოკვდა ბავშვი, მოკვდა შიმშილით…

რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

 

ოთოც ნახე: ორი წლის იყო. ჯამბულის ქუჩაზე,

შენს ბაღში დადიოდა, იქნებ ერთადაც გითამაშიათ,

ან, იქნებ, როცა მიმყავდი ან გამომყავდი,

ჭიშკარში ერთად შევსულვართ და გამოვსულვართ.

ის და მისი უფროსი და ზებრაზე გადადიოდნენ,

როცა ვიღაც უგონოდ მთვრალი და უნამუსო

დაეჯახა, არც გაჩერდა, გზა გააგრძელა,

თითქოს ბავშვებს კი არა, კუნელის ბუჩქს დაჯახებოდა.

და გადარჩა, ძმას კი სასწრაფომ ვერ მიუსწრო…

რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

ლილიც ნახე: სამი წლის იყო. მისაღებ ოთახში

თოჯინებით თამაშობდა ხოლმე. ჩუმი და წყნარი,

უფროსებს არასდროს აწუხებდა, დივანს და კედელს

შორის თავისთვის შეყუჟული. უფროსებიც

დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ეგონათ, რომ

ისეთ რამეს არასოდეს გააკეთებდა,

რასაც შეეძლო მათი გულისწყრომა გამოეწვია,

მაგრამ შეცდნენ, ზედმეტი ნდობა გამოუცხადეს –

ღია ფანჯრის რაფაზე აძვრა და სხეულმა გადასძლია…

რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

 

ნიკაც ნახე: ოთხი წლის იყო. დაუსვეს ექიმებმა

მწვავე მიელოლეიკოზის დიაგნოზი.

ფულიანმა მშობლებმა სად არ წაიყვანეს, რა არ იღონეს –

მსოფლიოს ცნობილი კლინიკები. საუკეთესო

სპეციალისტები. ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობები.

იმედები და იმედების გაცრუებები. ისევ იმედები.

ტკივილის მატების პროპორციულად კარგა ხნის წინ

მივიწყებული ღმერთის გახსენება. თუმცა, ყველაფერი

ამაო გამოდგა. კერძო თვითმფრინავით ჩამოასვენეს…

რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

 

ნინჩოც ნახე: ხუთი წლის იყო. საოცრად ხატავდა,

ხელები ყოველთვის საღებავით ჰქონდა მოთხვრილი,

სახლის ყველა კედელზე მისი ნახატები გამოეფინათ,

მის ნახატებს სხვაგანაც ჰფენდნენ. საქმის მცოდნენი

მასში მომავალ დიდ მხატვარს ხედავდნენ. თუმცა, ერთხელ,

საღამოხანს, როცა ცოლი სახლიდან გასული დაიგულა,

ფსიქიკური პრობლემების მქონე მამამ დანა ალესა,

და ქალიშვილს, ხატების კუთხესთან, ყელი გამოჭრა.

მერე თქვა, რომ ამის გაკეთება ღმერთმა უბრძანა…

შენ ექვსის ხარ, რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე.

 

რა კარგს იზამ, კიდევ უფრო რომ გაიზრდები.

1 2 3 4 5