მძლეთა

(წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი)

 

ისევ აქ ვარ, არ მახსოვს, მერამდენე ამოსვლაა,

დედაჩემი ითვლის და ზუსტად იცის, რადგან

რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, შვიდჯერ მაინც

უნდა ამოხვიდე. გაჩერებიდან, ნაძვებს შორის,

გზას ამოჰყვები, ჭიშკრიდან კი ქვაფენილიანი

აღმართია. აგურის სენაკთან მადლის მისაღებად

მოსულთა რიგი დგას. კაცები ცალკე, ქალები ცალკე.

ბავშვიანებს ურიგოდ უშვებენ. უკვე ნაცნობებიც

გავიჩინე. ვდგავართ საათობით, ვცდილობთ,

ნერვებმა არ გვიმტყუნოს, ბოლოს და ბოლოს, პურის ან

ნავთის რიგში ხომ არ ვდგავართ, უხერხულია.

 

დედაჩემს გულით სჯერა, რომ ჩემი ნევროზი

დედა ანას დალოცვით განიკურნება,

მე არ ვიცი, რისი მჯეროდეს, მაგრამ, როდესაც

მახსენდება პანიკის მწვავე შეტევები, მზად ვარ

ყველაფერი ვიწამო, და ყველგან უყოყმანოდ წავიდე.

თუმცა მშველის, სენაკიდან გამოსული

მშვიდად და მსუბუქად ვარ, მომავლის იმედიც

მიბრუნდება, ოღონდ, სამწუხროდ, ვაკის პარკამდე თუ

მიმყვება. ესეც საქმეა, ადრე მხოლოდ ბაგებამდე

მიმყვებოდა, ანუ თანდათან პროგრესირებს

იმედის ხანგრძლივობა, წინ არი ყველაფერი.

 

აგერ კაცი, მამაჩემის ხნის, რომელიც ცოლმა

ძალით მოიყვანა, თურმე საყვარელი ჰყოლია,

” – სხვას მიეწებაო! ” – ასე უჩურჩულა დედაჩემს

ცოლმა. “მიეწება” რაღაცნაირად ჟღერს, ისე

თითქოს კევი იყო, ან პლასტელინი, ან ცვილი და

იმ ქალს ტანსაცმლიდან ამოყვანა გაუჭირდება.

ქალბატონო, ჩემო ქალბატონო, იმაზე თუ

გიფიქრიათ, რომ თქვენს ქმარს იქნებ მობეზრდით, იქნებ

მართლა შეუყვარდა ის ვიღაც?! თქვენ კი

ცდილობთ ხელი შეუშალოთ ბედნიერებაში,

არ უნდა იყოს უჭკუო კაცი, იცის, რასაც აკეთებს.

 

ყვავილნარის მოკირწყლული ბილიკი. აკრძალულ

ზონაში ვარ, მაგრამ აქედან ვერეს ხეობის

გაღმა მდგარი ჩემი კორპუსი ისე კარგად ჩანს,

რომ მგონია ხელს გავიწვდენ და შევეხები.

როგორ ახლოსაა, თუმცა იქამდე მისაღწევად,

ლამის ნახევარი ქალაქი უნდა შემოიარო.

ათ წუთში თორმეტი გახდება, სამრეკლოზე

აუსვლელად, მიწამდე დაშვებული თოკით,

მნათე ზარს თორმეტჯერ დაარისხებს. ამ ზარის ხმა

ჩემი აივნიდან ისმის ხოლმე, თორმეტ მოკითხვას

შევუთვლი ჩემს ქუჩას ბგერის სიჩქარით.

 

აგერ ქალი, ყოველთვის მარტო მოდის. ძელსკამის

კუთხეზე მიმჯდარი ცრემლიან თვალებს უშტერებს

მოშიშვლებულ ფერდობს, რომელსაც ოთხი წლის წინ

მოწყდა ტყის მასივი. ხმას არ იღებს, სულ ჩუმადაა,

და არც არავინ აწუხებს ზედმეტი კითხვებით.

ამბობენ, რომ მკერდის კიბო აქვს, იმას არ ამბობენ,

რატომ არავინ დაჰყვება ყოველდღე,  ამ სიშორეზე,

ნუგეშის და სასწაულის საძებნელად?! უპატრონოს

ნამდვილად არ ჰგავს. ვფიქრობ, რომ ასე თვითონ

გადაწყვიტა. იასამნისფერი თავშლის წვერით

დრო და დრო ცრემლს იმშრალებს. ცრემლი კი არ წყდება.

1 2 3 4 5