LE FIGARO

            ლ. მ. ბ.-ს

 

დამესიზმრა,

როგორ ეჭირა ფრანგ პოეტ ქალს „ფიგარო“ ხელში,

ავტობუსში როგორ იჯდა,

როგორ ფურცლავდა,

მერე როგორ ჩამოეყვინთა,

თავი, მწვანედ შეღებილი,

მარჯვნივ როგორ ჩამოაგდო,

როგორ მილულა სევდიანი თვალები და

რამდენიმე წამში როგორ მოუსუსტდა ხელის კუნთები,

როგორ გაუშვა სისხლისფერი მანიკურით შეღებილი

გრძელი ფრჩხილები

სტამბისა და კრუასანის არომატით გაჟღენთილ გაზეთს,

შენელებული კინოკადრივით როგორ დაეცა გაზეთი ძირს და

ფრანგი პოეტი ქალის თავი

საბოლოოდ როგორ მოწყდა იდუმალ სხეულს…

დამესიზმრა…

როგორ ეგდო პერ-ლაშეზისკენ მიმავალი ავტობუსის

წყნარ სალონში „ფიგარო“ და

როგორ ეძინა ფრანგ პოეტ ქალს –

თავისუფალს, დაღლილს და ლამაზს…

და ნიჭიერს…

 

ძველისძველი იყო სიზმარი…

საბჭოეთში რომ ცხოვრობდა პატარა ბიჭი,

აი, იმისი…

 

დღეს კი ავიღე ძირს დაგდებული

ის გაზეთი.

და დავხედე.

19 მაისი.

2019 წელი.

გადავფურცლე აგურისფერი მისი გვერდები.

102 წლის იო მინგ პეის გარდაცვალებას იუწყებოდნენ,

არქიტექტორის, ლუვრის ეზოში

პირამიდა ვინც ჩააკვეხა…

ავტობუსი კი კახეთიდან ბრუნდებოდა უკვე თბილისში.

ფრანგ პოეტ ქალს მწვანე თავი გაშავებოდა,

გრძელი ფრჩხილები რატომღაც ჰქონდა შეუღებავი,

ყვრიმალებზე მუწუკები დაჰყროდა და

შავ ტანსაცმელზე თმის ღერები ასწებებოდა…

მივუჯექი.

ხელი ხელზე შევახე ფრთხილად.

ძილს აგრძელებდა…

ცოტა ხანი ვიყოყმანე და გავბედე მეტი –

მოვიმწყვდიე პეშვში მისი ხელისგული…

ძილს აგრძელებდა…

ღრმა და მშვიდ ფშვინვას მივაყურადე. დავაკვირდი.

ძილს აგრძელებდა…

მივეხუტე…

ძილს აგრძელებდა…

უცებ გაზეთი გამივარდა ხელიდან და ძირს დამივარდა.

მოვაშორე მზერა ფრანგ პოეტს,

გაზეთს დავხედე.

„ახალგაზრდა კომუნისტი“ –

ეწერა გაზეთს…

 

 

 

1 2 3 4 5