მხატვრული ფილმი (1992)

 

ლექსად ვიტყვი,

როგორი ფილმი მინდოდა, რომ გადამეღო:

შავი დრო იყო, თეთრი ოდნავ და იშვიათად რომ შეერეოდა,

და ამიტომაც ასეთი მუქზე მუქი სამყაროს

შავ-თეთრ ფირზე გადაღების იდეა მე არ მომწონდა არანაირად.

არ მომწონდა არსითაც და გარეგნულადაც შავ-თეთრი ყოფის

ფერადი ფირით ჭრელაჭრულად გადაღების ღატაკი აზრიც.

და მოვიფიქრე:

ექსტერიერიც, ინტერიერიც,

უნდა იყოს მხოლოდ შავ-თეთრი.

მაგალითად:

ზამთრის ლანდშაფტი – დათოვლილი და გამხმარი მცენარეებით

და ზედ შემსხდარი ყვავ-ყორნებით,

ან გაყინული ტბა ყანჩებით,

ზღვა – თოლიებით.

მაგალითად:

ბინა თეთრი კედლებით და შავი სკამებით,

შავ-თეთრი ტელევიზორით და

ნაცრისფერი ზაზუნათი,  ბოცვერით,ანდა

ამაზე უფრო იოლია –

კატით თუ ძაღლით.

კაციც და ქალიც

ამ ფერის შარვალ-კოსტუმებში,

მაისურებში თუ ტრუსებში გამოწყობილი.

ცოტა ტყუილს თუმცა მაინც ვერ ავცდებოდი:

ზანგი უფრო შავია, ვიდრე

თეთრკანიანი არის თეთრი,

ამიტომ თეთრებს გრიმიორის ოსტატობა

მაინც მეტად დასჭირდებოდათ.

ალბინოსები მოუხდებოდნენ ჩემს ასეთ ფილმს,

ნაცრისფერი პომადები უნდა წაესვათ ქალებს, ხოლო

კაცებს შავი ლუდი ეყლურწათ

(ბავშვებს მაწონი).

დეკორაციის თუ ლანდშაფტის ყველა დეტალი

ბოლომდე უნდა გამეთვალა

და ამის მერე გადამეღო ფერად ფირზე

ეს ყველაფერი:

ფერადი ფირით – ეს შავ-თეთრი, მუქი სამყარო!

წითელ ვაშლს მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთი წამით გამოვაჩენდი.

სისხლსაც წამით და ფილმის ფინალში.

წითელი დროშაც, ვინ იცის, იქნებ, ბოლოსაკენ ამეწია,

ეიზენშტეინს მივსალმებოდი.

სრულმეტრაჟიან ფილმში სამჯერ

ჯადოსნურად გაელვებული წითელი ფერი

რაღაც მთავარს რომ იტყოდა,

ვიცოდი ზუსტად.

 

ძალიან მინდოდა, რომ ეს ფილმი გადამეღო.

კი არ ვიცოდი, რატომ, და მხოლოდ ახლაღა ვხვდები,

როცა ფილმის კონცეფცია ლექსად დავწერე:

ალბათ მინდოდა, მეთქვა, რომ ჩვენ რაც არ უნდა შავ-თეთრი ვიყოთ,

მაინც გვიღებენ საიდუმლო კამერებით, ფერადი ფირით.

 

 

 

1 2 3 4 5