ქუდი, ლექსი და ფული

 

ყველაზე ხშირად ქუდებს კარგავდა,

მაგრამ ეს არ ადარდებდა.

ქუდების მერე კი ან ფულს და ან ლექსს –

ქაღალდის ნაგლეჯზე ან რომელიღაც ბლოკნოტში რომ ჩაიწერდა,

ან რომელიღაც ფაილში შეინახავდა

და მერე ვერსად პოულობდა…

ფული და ლექსი – რის დაკარგვას უფრო განიცდიდა?

რას ერჩივნა შელეოდა – ფულსა თუ ლექსებს?

ალბათ გააჩნდა, ფული რამდენი იყო და

ლექსი რამდენად კარგი.

ისე კი დაკარგული ფულის რაოდენობა

თითქმის ყოველთვის ზუსტად იცოდა,

აი, ლექსის ამბავი კი ხშირად გაურკვეველი რჩებოდა –

უჭირდა იმ ტექსტის შეფასება,

რომელიც წესიერად აღარც კი გადაეკითხა

და როგორც წესი, ძალიან ბუნდოვნადაც ახსოვდა.

თუმცა ერთი ტენდენცია მაინც იკვეთებოდა:

ადრე უფულობა უფრო აწუხებდა, ვიდრე ულექსობა,

მაგრამ ლექსის დაკარგვას მაინც ფულისა ერჩივნა,

ახლა კი ფული უფრო ჰქონდა, ვიდრე ლექსი,

მაგრამ ფულის დაკარგვაზე აშკარად უფრო ღიზიანდებოდა.

ქუჩაში კი მუსიკოსები იდგნენ ხოლმე და უკრავდნენ,

წინ კი მუდამ ქუდი ედოთ,

რომელიც ხურდა ფულით იყო ამოსავსები.

ის მუსიკოსები ალბათ არ კარგავდნენ თავიან ქუდებს,

რადგან მათთვის ქუდი და ფული მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო ერთმანეთთან

და ქუდს თუ დაკარგავდნენ, ეს უფულობის მომასწავებელი იქნებოდა.

გულმავიწყი პოეტი ხანდახან ჩაუყრიდა მუსიკოსებს მონეტებს ქუდში

და ამ დროს თავისი დაკარგული ქუდები და კუპიურები აგონდებოდა,

რაც დაკარგულ ლექსებსაც ახსენებდა

და ეს დანაკლისი რომ აენაზღაურებინა,

მიდიოდა სახლში და სასწრაფოდ წერდა ახალ ლექსებს,

მერე აგზავნიდა რედაქციებში,

იღებდა ჰონორარს და

ამ ჰონორარით პირველ რიგში ახალ ქუდს ყიდულობდა.

 

 

1 2 3 4 5