შიში

ერთხელაც, შესაძლოა ისე დაიღალო,
კბილების გაწმენდა შეგეზაროს,
ოთახის განიავება, საფერფლეების დაცლა,
ტანსაცმელიც კი არ გაიხადო, არც ფეხსაცმელი,
მიწვე საწოლზე და სიზმარშიც არავინ ნახო,
გეომეტრიული ფიგურების გარდა.

– სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მრავალკუთხედი.
ბრტყელი, ფერადი გეომეტრიული ფიგურები
და უეცრად, მთელი სივრცე, რასაც აღიქვამდი,
ბნელმა წრეწირმა გადაყლაპოს.

იდგე წრეწირის ცენტრში და ფეხებს ძვრა ვერ უყო,
ენა ვერ აიდგა, ყბები ერთმანეთზე შეგეკიროს,
თვალიც ვერ გაახილო, ვეღარც სიზმრიდან გამოხვიდე,
ვეღარ გაიღვიძო და სხვამაც არავინ გაგაღვიძოს.
მერე, სახლის ჭერში ცეცხლი რომ გაჩნდეს –
ძველი სადენი რომ აალდეს
ან ნაპერწკალი გადავარდეს ჭიანაჭამ ბურბუშელაში.

ცეცხლმა ჭერიდან წვიმასავით რომ გამოჟონოს,
სათლს ვინ შეუდგამს ან გავსებულს ვინღა გადაცლის?!
ტანსაცმლიდან ალს ვინ გამოწურავს,
წიგნებს სათითაოდ ვინ ჩაკიდებს წყალში,
ოთახის კუთხეებიდან კვამლს ვინ გამოხაპავს?!
– თუკი სიზმარმა შეგიტყუა.

 

 

1 2 3 4 5 6