***

ვიფიქრე,

რაც შეიძლება მეტს ამოვიყვან, მეტს გადავარჩენ
და დაუდევრად გასროლილი დამბალი ბადე გამოვქაჩე.

მემძიმა,
ფეხები ღრმად წავყავი შავ მიწაში და დავეჭიდე.
დაიჭიმა ძველისძველი კორდის ძაფი,
მაგრამ მე მაგრად ვიყავი მიბმული თოკზე
თუ თოკი იყო გამობული ჩემზე.
თითქოს ჩემი სხეულისთვის დაწნეს,
ისე მოვიზომე და გადავკვანძე,
მკლავზე ისე დავიხვიე – მყესების დაწყვეტამდე.

ვექაჩებოდი მთელი ძალით და
როცა მუხლებამდე ჩავედი მიწაში,
დავიყვირე –
ცოტას თქვენც დამეხმარეთ! ცოტათი თქვენც გადარჩით!

თოკს მთელი ძალით დავეჭიდე,
ვინატრე –
ნეტავ, ფეხები გამიშვებდეს, მიწამ რომ დაიმწყვდია,
სხეულის ძალით გამოვქაჩავდი – წყალი მძიმეა.

ერთ რომ დავქაჩავდი, წამოსულ თოკს მხარზე ვიხვევდი.
ეგ მამაჩემს არ უსწავლებია –
მამაჩემი მონადირე იყო, ნადირის ლოდინისას ხემ შეიხორცა.
ბუნება ასეთია –
თუ მიგიღო, ვეღარ გაეცლები.

მიწამ დამითრია.
როცა მკერდამდე ჩაიტანა ჩემი სხეული, თოკი მივუშვი.
დავიყვირე –
წადით, წყალს გაყევით! ცოტათი თქვენც გადამარჩინეთ!

თოკი იმ ქვაზე დაიჭიმა, რომლის ნატეხიც ჩაგდებამდე ბადეს მივაბი.
ბოლოს კი გაწყდა.
წვრილ-წვრილ ძაფებად დაიშალა
და ვეღარც მიწას დავეხსენი,
ისე მომეხვია, ისე შემიყვარა.

 

ვფიქრობდი –
ნეტავ, ბადიდან ვინ ვერ გაძვრა?
ნეტავ, სიმძიმე ვის გამოვაბი?
– ხელს თუ გააქნევს, გადარჩება.
მიწა კი, მიწა ჰაერზე მსუბუქია, ვერც კი შეარხევ.

 

 

 

1 2 3 4 5 6